ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ლონდონის „ჩელსი“ 50 მილიონ ფუნტად „ბრაიტონიდან“ ჟოაო პედროს დაიმატებს #1TVSPORT
„ჩელსიმ“ „ბრაიტონთან“ 23 წლის ბრაზილიელი თავდამსხმელის, ჟოაო პედროს ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია და ფეხბურთელი კარიერას ლონდონურ გუნდში გააგრძელებს, – ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
ავტორიტეტული ჟურნალისტის ცნობით, „ჩელსი“ „ბრაიტონს“ პედროს სანაცვლოდ 50 მილიონ ფუნტს გადაუხდის და მასთან ხელშეკრულებას 2032 წლამდე გააფორმებს.
ფეხბურთელი მომდევნო კვირის განმავლობაში აშშ-ში გაემგზავრება, კონტრაქტს ხელს მოაწერს და „ჩელსის“ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე შეუერთდება. სავარაუდოდ, ის „პალმეირასთან“ მეოთხედფინალური ეტაპის მატჩისთვის მზად იქნება, რომელიც 5 ივლისსაა დაგეგმილი.
ცოტა ხნის წინ „ჩელსიმ“ შეთანხმებას დორტმუნდის „ბორუსიასთანაც“ მიაღწია 20 წლის ინგლისელი ფორვარდის, ჯეიმი გიტენსის თაობაზე.