ფაბიო კაპელოს აზრით, გვარდიოლა ქედმაღალია, ფეხბურთს ავნო და იტალიური ფეხბურთი გაანადგურა #1TVSPORT
ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ ინტერვიუ მისცა გამოცემა El Mundo-ს, რომელშიც მან გულახდილად ილაპარაკა „მანჩესტერ სიტის“ მთავარ მწვრთნელთან პეპ გვარდიოლასთან დამოკიდებულებაზე.
აღმოჩნდა, რომ კაპელოს აზრით, გვარდიოლამ ფეხბურთს ავნო.
„მე ძალიან ვაფასებ გვარდიოლას, როგორც მწვრთნელს. მან ბევრი შესანიშნავი რამ გააკეთა. მე სამ რევოლუციას მოვესწარი ფეხბურთში, რომელიც ყოველ 20 წელიწადში ერთხელ ხდებოდა: კრუიფის „აიაქსი“, საკის „მილანი“ და გვარდიოლას „ბარსელონა“. მე არ მიჭირს ამაზე ლაპარაკი.
იცით, რა არ მომწონს გვარდიოლაში? მისი ქედმაღლობა. ჩემპიონთა ლიგა, რომელიც მან „მანჩესტერ სიტისთან“ ერთად მოიგო, ერთადერთი იყო, სადაც მას უცნაურობები არ გაუკეთებია გადამწყვეტ მატჩებში. მაგრამ ყველა დანარჩენ შემთხვევაში, მანჩესტერშიც და მიუნხენშიც, გადამწყვეტ დღეებში მას ყოველთვის უნდოდა მთავარი გმირი ყოფილიყო.
ის რაღაცას ცვლიდა და იგონებდა, რათა შემდეგ ეთქვა – „იგებენ არა მოთამაშეები, არამედ მე“. და ეს ქედმაღლობა მას რამდენიმე ტიტულის დაკარგვად დაუჯდა.
გარდა ამისა, თუმცა ეს მისი ბრალი არ არის, მან უდიდესი ზიანი მიაყენა ფეხბურთს. მთელი 10 წლის განმავლობაში ცდილობდნენ მის კოპირებას. ამან გაანადგურა იტალიური ფეხბურთი, რომელმაც დაკარგა თავისი ბუნება და ხასიათი.
მე ვამბობდი: „შეწყვიტეთ, თქვენ არ გყავთ გვარდიოლას ფეხბურთელები!” და კიდევ იყო აბსურდული იდეა, რომ ყველაფერი, რაც საჭიროა კარგი თამაშისთვის, ეს არის – პასი, პასი, პასი, პასი, პასი, პასი, პასი, პასი, პასი… ახლა იტალიურ ფეხბურთში მეკარეც კი თამაშობს ბურთით.
კატასტროფა, ასევე მოწყენილობა, რომელმაც ბევრი ადამიანი დააშორა ფეხბურთს. მათთვის საკმარისია უყურონ გამორჩეულ მომენტებს, რადგან არ სურთ ნახონ 90 წუთი ჰორიზონტალური პასები ყოველგვარი ბრძოლისა და სირბილის გარეშე. საბედნიეროდ, ფეხბურთი იცვლება“, – განაცხადა კაპელომ.