ფაბიო კაპელომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალებზე პროგნოზი გააკეთა #1TVSPORT
ფაბიო კაპელომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალებზე პროგნოზი გააკეთა #1TVSPORT

ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ პროგნოზები გააკეთა ჩემპიონთა ლიგის მოახლოებულ ნახევარფინალებზე.

„მილანის“, „იუვენტუსისა“ და „რეალის“ ყოფილ დამრიგებელს მიაჩნია, რომ „არსენალი“ შეძლებს „პარი სენ-ჟერმენის“ ბარიერის გადალახვას.

„„არსენალს“ აქვს ყველაფერი: ხარისხი, ბალანსი მინდორზე და კარგი ფიზიკური ფორმა. ისევე, როგორც პსჟ-ს. ამ მხრივ გუნდები თანაბრად არიან. მაგრამ ვფიქრობ, „არსენალს“ კიდევ რაღაც აქვს დამატებით და ეს არის ძლიერი ხასიათი.

ისინი ერთად და ურთიერთშეთანხმებით თამაშობენ, აქვთ მაღალი ტემპი. ეს ძალიან კარგი მატჩი იქნება, მაგრამ თუ პროგნოზს მთხოვთ, ვფიქრობ, „არსენალი“ უფრო ძლიერი იქნება.

არასოდეს მინახავს, რომ ინგლისური კლუბი ასე კარგად თამაშობდეს. გამონაკლისი მხოლოდ „მანჩესტერ სიტია“. ლაპარაკი მაქვს კლასიკურ ინგლისურ სტილზე და არა გვარდიოლას სტილზე. ვფიქრობ, „არსენალი“ ძალიან კარგად თამაშობს, გააჩნია ტექნიკური თვისებები და ფიზიკური ძალა“.

„ინტერისა“ და „ბარსელონას“ დაპირისპირებაში იტალიელი სპეციალისტი დარწმუნებულია, რომ მილანური კლუბის დაცვა გაუმკლავდება „ბარსელონას“ ლიდერებს.

„თუ იმ ლეგენდარულმა „ინტერმა“, რომელმაც ტრებლი მოიგო, მესის შეჩერება შეძლო, მაშინ დღევანდელი გუნდი იამალის გამკლავებასაც მოახერხებს.

ცხადია, რომ ინძაგი არ მისცემს იამალსა და რაფინიას ბევრ თავისუფალ სივრცეს. „ბარსელონას“ ლიდერებს ძალიან მაღალი ინდივიდუალური ოსტატობის დონე აქვთ და მათი შეჩერება ღია თამაშში შეუძლებელი იქნება.

მაგრამ „ინტერმა“ იცის მჭიდროდ ჩაკეტვა და ბალანსის შენარჩუნება. გადამწყვეტი ბრძოლა მოედნის ცენტრში გაიმართება. პედრისა და დე იონგის კლასი ბარელას, ჩალჰანოგლუსა და მხითარიანის ოსტატობისა და დინამიზმის წინააღმდეგ.

„ბარსელონას“ ორივე ნახევარმცველს შესანიშნავად შეუძლია დაცვიდან შეტევაში გადასვლა. მაგრამ არჩევანის გაკეთება თუ მომიწევს, „ინტერის“ ნახევარდაცვას მივანიჭებ უპირატესობას. ევროპაში ბევრი გუნდი ვერ დაიკვეხნის ასეთი ორგანიზებული და შეთამაშებული შუა ხაზით“.