ევროტურნირს „საბურთალო“ გორში უმასპინძლებს - გუნდის დირექტორს უეფა-ს ახალი ფორმატი მოსწონს
ევროტურნირს „საბურთალო“ გორში უმასპინძლებს - გუნდის დირექტორს უეფა-ს ახალი ფორმატი მოსწონს

„საბურთალოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, კახა კაშიამ კარს მომდგარ ევროტურნირებსა და მომავალ გეგმებზე ისაუბრა და საინტერესო სიახლე გააჟღერა – გუნდი ევროთასების მატჩს თბილისში არ ჩაატარებს.

„თუ კენჭისყრამ მასპინძლის სტატუსი გვარგუნა, ამ შემთხვევაში, „საბურთალოში“ გადავწყვიტეთ, რომ ევროტურნირებზე საშინაო შეხვედრები გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ჩავატაროთ“, – აცხადებს კახა კაშია.

რამდენიმე დღეში ევროტურნირების კენჭისყრა შედგება, სადაც „საბურთალოს“ მეორედ მოუწევს ასპარეზობა. გუნდის აღმასრულებელმა დირექტორმა მოლოდინზე ილაპარაკა: „როგორც იცით, განუთესავები ვიქნებით. წინასწარ არ ვიცით, ვის შევხვდებით. თუმცა, ცხადია, რომ მეტოქე ძლიერი გუნდი გვეყოლება. მიუხედავად ამისა, გვსურს წარმატებულად ვიასპარეზოთ, გავახაროთ ქვეყანა და ჩვენი გულშემატკივარი“.

უეფა-ს გადაწყვეტილებით, წლეულს ევროთასების კვალიფიკაციაზე გუნდები გამარჯვებულს არა ორ, არამედ, ერთმატჩიან დაპირისპირებაში გაარკვევენ. კაშიას თქმით, ეს მინუსთან ერთად, დადებით მომენტსაც შეიცავს: „ერთმატჩიანი შეხვედრები დადებითი კუთხითაც შეიძლება განვიხილოთ. ასეთი თამაშები ფინალივითაა, ერთი შეხვედრა ნებისმიერ მეტოქესთან შეიძლება წარმატებით ჩაატარო, ეს იქნება შინ თუ სტუმრად. პანდემიიდან გამომდინარე, უეფა-ს რეგულაციები საკმაოდ მკაცრია, განსხვავდება საშინაო და საგარეო მატჩები. სამზადისს იმის მიხედვით დავწიყებთ, სად ვითამაშებთ მატჩს – საკუთარ კედლებში თუ სტუმრად“.