ევროტურნირები იწყება - ბათუმის „დინამოს“ თამაშზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო #1TVSPORT
ევროტურნირები იწყება - ბათუმის „დინამოს“ თამაშზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო #1TVSPORT

ეროვნულ ლიგაში პაუზა გამოცხადდა, რომელიც ქართული გუნდების ევროტურნირებზე მონაწილეობითაა გამოწვეული.

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის „დინამოს“ მეტოქე ვლადიმერ ვაისის ბრატისლავასსლოვანი“ იქნება. პირველი მატჩი 6 ივლისს ბრატისლავაში გაიმართება, ხოლო 13 ივლისს, 21:00-ზე, ბათუმის არენაზე პირველად გაიმართება ჩემპიონთა ლიგის მატჩი. ბათუმის „დინამო“ ვლადიმერ ვაისის ბრატისლავასსლოვანს“ განმეორებით შეხვედრაში უმასპინძლებს.

პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩზე დასასწრები ბილეთების ონლაინ რეჟიმში რეალიზაცია 4 ივლისს, დილის 10:00-დან დაიწყება. ფიზიკურად სტადიონთან მდებარე სალაროებში 10 ივლისიდან გაიყიდება ბილეთები, რომელთა ფასიც 5, 10 და 20 ლარია, ხოლო VIP სექტორზე ბილეთის ღირებულება 35 ლარს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ „სლოვანის“ შემადგენლობაში ბათუმს საქართველოს ნაკრების ყოფილი და მოქმედი კაპიტნები ესტუმრებიან – ჯაბა კანკავა და გურამ კაშია. შესაძლოა, მათ გიორგი ჩაკვეტაძეც დაემატოს.

თბილისის „დინამო“ კონფერენს ლიგაზე ესტონურ „პაიდეს“ დაუპირისპირდება – გია ჭიაბრიშვილის გაწვრთნილები მათ 7 ივლისს „დინამო არენაზე“ უმასპინძლებენ, ხოლო 14 ივლისს გასვლაზე ეთამაშებიან.

გორის „დილა“ ფინურ „კუპსსკონფერენს ლიგის I შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩში 7 ივლისს ესტუმრება, ხოლო განმეორებით შეხვედრაში გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის არენაზე 14 ივლისს დაუპირისპირდება.

ასევე გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის არენაზე „საბურთალო“ ალბანურ „პარტიზანს“ უმასპინძლებს კონფერენს ლიგის I შესარჩევი ეტაპზე – პირველი მატჩი 7 ივლისს საქართველოში დაიგეგმა, ხოლო განმეორებითი შეხვედრა – 14 ივლისს ტირანაში.