ევროთასები | ჭანტურიშვილმა ოდიშარიას გუნდს გაუტანა, მექვაბიშვილის „უნივერსიტატეამ“ სტუმრად ფრედ ითამაშა #1TVSPORT

21:50, 06.08.2026

ვახტანგ ჭანტურიშვილის გუნდმა, ჩეხურმა „იაბლონეცმა“, კონფერენსლიგის მესამე ეტაპზე ლაშა ოდიშარიას ლატვიურ „რიგას ფს“-ს უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

ორივე ქართველი ფეხბურთელი სასტარტო თერთმეტეულში იყო და ორივე მათგანი მატჩის მიწურულს შეცვალეს. შეხვედრაში ანგარიში მე-18 წუთზე ჭანტურიშვილმა გახსნა და, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ჩეხური გუნდის გამარჯვებას დაუდო სათავე.

პარალელურად, ანზორ მექვაბიშვილის კრაიოვის „უნივერსიტატეა“ ევროპის ლიგის მესამე ეტაპზე ფინეთში კუპს-ს ესტუმრა და ფრედ, 1:1 ითამაშა. ქართველი ნახევარმცველი რუმინეთის ჩემპიონის ძირითად შემადგენლობაში იყო და ის მხოლოდ მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-5 წუთზე შეცვალეს.

„იაბლონეცი“ საპასუხო მატჩში „რიგას ფს“-ს რიგაში ესტუმრება, ხოლო „უნივერსიტატეა“ კუპს-ს კრაიოვაში მიიღებს. ორივე შეხვედრა 13 აგვისტოს გაიმართება.

მსგავსი