ევროსაგზურის მფლობელებმა ევროლიცენზიები მიიღეს - ფეხბურთის ფედერაციამ ლიცენზირების პროცესი დაასრულა #1TVSPORT
ევროსაგზურის მფლობელებმა ევროლიცენზიები მიიღეს - ფეხბურთის ფედერაციამ ლიცენზირების პროცესი დაასრულა #1TVSPORT

ფეხბურთის ფედერაციამ 2021/2022 წლების სეზონის ლიცენზირების პროცესი დაასრულა და ლიცენზიამიღებული გუნდების ვინაობა გამოაცხადა.

უეფა-ს 2020/2021 წლების სეზონის ლიცენზირების პროცესში 2020 წლის ეროვნული ლიგის 10 და ქალთა ლიგის საუკეთესო 3 კლუბი მონაწილეობდა. წარმოდგენილი დოკუმენტების და ექსპერტების შეფასებების საფუძველზე, ლიცენზირების კომიტეტმა მიიღო საბოლოო გადაწყვეტილებები.

„უეფა-ს 2021/2022 წლების საკლუბო ტურნირებზე სპორტული შედეგით გასულმა კლუბებმა წარმატებით დაასრულეს ლიცენზირების პროცესი და სფფ-ის მიერ გაცემული ლიცენზიის საფუძველზე დაიშვებიან ევროტურნირებზე. ეს კლუბებია: „დინამო თბილისი“, ბათუმის „დინამო“, გორის „დილა“ და ასევე თბილისის „ნიკე“, რომელიც ქალთა ლიგის გამარჯვებულია“, – წერია სფფ-ის ცნობაში.

უეფა-ს ლიცენზირება დაბალ ლიგაში მოასპარეზე „გაგრამაც“ მიიღო:

„სათანადო შეფასებების შედეგად, უეფა-ს ასევე წარედგინა დადებითი რეკომენდაცია, რათა 2020 წლის საქართველოს თასის გამარჯვებული „გაგრა“, რომელიც რანგით დაბალ, ეროვნულ ლიგა 2-ში ასპარეზობს, უეფა-ს საგანგებო რეგულაციების შესაბამისად დაიშვას 2021/2022 წლების ევროტურნირებზე“.