ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეგლამენტის კომიტეტმა მიიღო რეზოლუციის პროექტი, რომელიც ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის დაბრუნების საშუალებას იძლევა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეგლამენტის კომიტეტმა მიიღო რეზოლუციის პროექტი, რომელიც ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის დაბრუნების საშუალებას იძლევა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეგლამენტის კომიტეტმა მიიღო რეზოლუციის პროექტი, რომელიც სასანქციო პროცედურას ასუსტებს და ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის დაბრუნების საშუალებას იძლევა.

რეზოლუციის პროექტი საპარლამენტო ასამბლეაში უფლებამოსილებასა და ხმის უფლებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღების პროცესის ცვლილებას ეხება. თუ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატები სტრასბურგში საზაფხულო სესიაზე აღნიშნულ რეზოლუციას დაამტკიცებენ, რუსეთის დელეგაციას ასამბლეაში დაბრუნების შესაძლებლობა ექნება.

კერძოდ, პარიზში გამართულ სხდომაზე კომიტეტის წევრები გამოვიდნენ ინიციატივით, რეგლამენტს დაემატოს პუნქტი, რომელიც უფლებამოსილების გადახედვის ან გასაჩივრების პირობებში, წევრებისთვის ხმის მიცემისა და გენერალურ ასამბლეაში წარმომადგენლობის უფლების შეჩერებას აკრძალავს.

ამასთან, დოკუმენტის თანახმად, იმ დელეგაციებს, რომლებიც ამჟამად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში არ არიან წარმოდგენილები, კერძოდ რუსეთისა და ბოსნია-ჰერცეგოვინის, შესაძლებლობა უნდა მიეცეთ, ორგანიზაციაში თავიანთი მონაწილეობის საკითხი ივნისის სესიაზე განსახილველად წარადგინონ.

რეზოლუციის პროექტის ავტორია რეგლამენტის კომიტეტის ხელმძღვანელი, ბელგიელი სოციალისტი დეპუტატი პეტრა დე სუტერი.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელი, რეგლამენტის კომიტეტის წევრი ვლადიმირ არიევი ამბობს, რომ კომიტეტმა რეზოლუციის „ცუდი ვარიანტი“ დაამტკიცა, თუმცა მისი განმარტებით, აღნიშნული დოკუმენტი სრულად არ აუქმებს სასანქციო პროცედურას, როგორც ამას რუსული მხარე ითხოვდა.

„ამ რეზოლუციის დამტკიცების შემთხვევაშიც კი, სანქციების შეკვეცილ ვარიანტში დაწესების საშუალება მაინც დარჩება“, – აღნიშნავს უკრაინის წარმომადგენელი.

რუსეთის დელეგაციას 2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსიის გამო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ხმის უფლება ჩამოართვეს, რის შემდეგაც რუსეთმა ევროსაბჭოში საწევროს გადახდა შეწყვიტა.