„ევროპული საქართველო“ ეკონომიკის სწრაფ გახსნასა და გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმებას ითხოვს
„ევროპული საქართველო“ ეკონომიკის სწრაფ გახსნასა და გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმებას ითხოვს

პარტია „ევროპული საქართველო“ ეკონომიკის სწრაფ გახსნასა და გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმებას ითხოვს.

პარტიაში აცხადებენ, რომ ვირუსზე არანაკლებ საშიშია ის ზიანი, რაც დაწესებული რეგულაციების გამო ეკონომიკას ადგება, ამიტომ მათი გაუქმება ბევრად მოკლე ვადებში უნდა მოხდეს, ვიდრე ეს მთავრობის მიერ გაწერილ გეგმაშია.

„ევროპულ საქართველოში“ მიიჩნევენ, ეკონომიკის გახსნა პირბადეების გამოყენებისა და დისტანციის დაცვის პირობით ერთი კვირის შემდეგ უნდა მოხდეს და გაუქმდეს კომენდანტის საათი, ასევე ქალაქებს შორის გადაადგილების შეზღუდვა და აღდგეს საჰაერო მიმოსვლა.

„ივანიშვილის ხელისუფლების მიერ საგანგებო მდგომარეობის პირობებში შემოღებული შეზღუდვების დიდი ნაწილი დაწესების დღიდან აბსურდული იყო, ხოლო მათი აღსრულება შერჩევითად ხდება. დღეს, როცა მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ უკვე დაიწყო აქტიურად ეკონომიკის ამუშავებასა და ადამიანების სამუშაო ადგილებზე დაბრუნებაზე ზრუნვა, ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული გეგმა დაგვიანებულია და თავისი არსით, ნელი ტემპისაა. ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ ქვეყნები უკვე არიან ერთმანეთთან კონკურენციაში, თუ სად უფრო სწრაფად და ეფექტურად გაიხსნება ეკონომიკა.

საქართველოში დაწესებული მკაცრი შეზღუდვები ხელისუფლებამ შერჩევითად და არათანმიმდევრულად გაავრცელა, რამაც შეზღუდვათა მთელ წყებას იმთავითვე დაუკარგა აზრი. საქართველოს ეკონომიკა დღეს ურთულეს მდგომარეობაშია და გადაწყვეტილების სწრაფად არმიღების ფასს საქართველოს მოქალაქეები, ასიათასობით ოჯახი გადაიხდის“, – განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ.

„ევროპული საქართველო“ მოუწოდებს ხელისუფლებას, 8 მაისს გახსნას ეკონომიკა.

„ევროპული საქართველო მოუწოდებს ხელისუფლებას, ერთი კვირის შემდეგ, რვა მაისს გახსნას ეკონომიკა, ყველა ბიზნესი და ყველა მოქალაქეს მისცეს შანსი, რომ შეინახოს ოჯახები. იქამდე, უნდა შეიმუშაოს გონივრული წესები და შეზღუდვები თითოეული კატეგორიის ბიზნესისთვის, მაგალითად, პირბადეების სავალდებულოობა დახურულ სივრცეში, სოციალური დისტანციის დაცვა და მათი დარღვევისთვის. რა თქმა უნდა, უნდა იყოს ჯარიმები და ადეკვატური სანქციები. მეორე, მყისიერად მოხსნას კომენდატის საათი, რომელსაც არანაირი დასაბუთება არ აქვს. აღადგინოს ქალაქებს შორის გადაადგილება, რადგან ესეც უმძიმეს დარტყმას აყენებს ჩვენს ქვეყანას და იქვე უნდა შემოიღოს ტესტირების წესი სადაც ზონა არის ინფიცირების. კერძო ავტომობილებთან დაკავშირებით აბსურდული შეზღუდვები, ოჯახის წევრების გადაადგილებასთან დაკავშირებით, რომელიც ურტყამს უამრავ ოჯახს, მყისიერად უნდა გაუქმდეს. უნდა გაუქმდეს სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე ექსკლუზივი, რომელიც მიეცათ ფირმებს და კონკურენცია იყოს ფირმებს შორის. გაიხსნას საჰაერო სივრცე, სასწრაფოდ, ოღონდ იქვე შეიძლება დაწესდეს ტესტირების აუცილებლობა და კარანტინის აუცილებლობა შემომსვლელი ადამიანებისთვის.

მრავალმა ქვეყანამ უკვე დაიწყო ასეთი შეზღუდვების მოხსნა და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არ ჩამოვრჩეთ მათ. უნდა შენარჩუნდეს შეზღუდვები ყველაზე სახიფათო ჯგუფებისთვის, 70 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის და შეზღუდვები მასობრივ შეკრებებზე ფიზიკური პირებისთვის. ეს ნაბიჯები უნდა გადაიდგას ძალიან სწრაფად“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.