ევროპული საბჭოს სხდომაზე რუსეთთან სამომავლო ურთიერთობებზე დაგეგმილი დისკუსია 25-26 მარტს აღარ გაიმართება
ევროპული საბჭოს სხდომაზე რუსეთთან სამომავლო ურთიერთობებზე დაგეგმილი დისკუსია 25-26 მარტს აღარ გაიმართება

ევროპული საბჭოს სხდომაზე რუსეთთან სამომავლო ურთიერთობებზე დაგეგმილი დისკუსია 25-26 მარტს აღარ გაიმართება.

ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ სხდომაზე მიწვეული ევროპელი ლიდერებისადმი გაგზავნილ წერილშია ნათქვამი.

„საერთაშორისო საკითხებთან დაკავშირებით, გვსურს, დავიცვათ ჩვენი ინტერესები, ღირებულებები და აქტიურად შევიტანოთ წვლილი გლობალური მომავლის ჩამოყალიბებაში. რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობებს, მე გთავაზობთ განსახილველ პუნქტს, რათა გაგიზიაროთ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ჩემი კონტაქტების შედეგები, ვიდრე რუსეთთან ურთიერთობების საკითხს სტრატეგიულად განვიხილავთ ევროპული საბჭოს შემდეგ სხდომაზე, რომელიც ფიზიკურად გაიმართება“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

მანამდე, რუსეთთან ურთიერთობების სტრატეგიული განხილვა 25-26 მარტს დაგეგმილ, ევროპული საბჭოს სხდომის ფარგლებში იგეგმებოდა.

სამიტს წინ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ტელეფონით ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტს. პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ რუსეთსა და ევროკავშირს შორის ბევრ საკითხზე უთანხმოება რჩება.