ევროპული საბჭო ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა
ევროპული საბჭო ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა

ბრიუსელში გამართული სამიტის შედეგად, ევროპული საბჭო ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა.

ევროპული საბჭო მკაცრად გმობს „რაინეარის“ რეისის მინსკში იძულებით დაშვებას და ბელარუსის ხელისუფლების მიერ ჟურნალისტ რომან პრატასევიჩისა და მისი მეგობარი გოგონას, სოფია საპეგას დაკავებას.

„ეს არის თავდასხმა გამოხატვის თავისუფლებასა და ევროპულ სუვერენიტეტზე. ეს აღმაშფოთებელი საქციელი საჭიროებს ძლიერ პასუხს. სწორედ ამიტომ, ევროპული საბჭო შეთანხმდა, რომ იქნება დამატებითი სანქციები იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც ჩართულები იყვნენ გატაცებაში, ასევე ბიზნეს და ეკონომიკურ კომპანიებზე, რომლებიც აფინანსებენ რეჟიმს“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ევროკავშირის საბჭო ასევე მოუწოდებს ევროკავშირში რეგისტრირებულ ავიაგადამზიდავებს, თავი შეიკავონ ბელარუსის თავზე ფრენისგან. ასევე, მოუწოდებს საბჭოს, მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა, ბელარუსული ავიაკომპანიებისთვის ევროკავშირის საჰაერო სივრცეში ფრენის ასაკრძალად და მათთვის ევროკავშირის აეროპორტებზე წვდომის შესაზღუდად. ასევე, საბჭო გამოდის მოწოდებით, რაც შეიძლება მალე შეადგინონ ფიზიკური და იურიდიული პირების სია სანქციების დასაწესებლად.

„ეს საფრთხეა სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოებისთვის და საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის. სწორედ ამიტომ 27 სახელმწიფოსა და მთავრობის ხელმძღვანელები დიდი სიმტკიცით შეთანხმდნენ, დაგმონ რაც მოხდა და მოითხოვონ რომან პოტასევიჩის და სოფია საპეგას დაუყოვნებლივი გათავისუფლება“, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა.