„ევროპულ საქართველოში“ ეჭვობენ, რომ ზვიად საბანაძემ პარტია ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით დატოვა
„ევროპულ საქართველოში“ ეჭვობენ, რომ ზვიად საბანაძემ პარტია ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით დატოვა

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი ირაკლი კიკნაველიძე ეჭვობს, რომ „ევროპული საქართველოს“ გორის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერისა და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ზვიად საბანაძის მიერ პარტიის დატოვების მიზეზი ფინანსური სარგებლის მიღება იყო. კიკნაველიძის თქმით, ამის უკან მმართველი პარტია დგას.

„როგორც ზვიად საბანაძისთვის, ასევე მთელი საზოგადოებისთვის არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე იყო ცნობილი, რომ ბრიუსელში დაიდო ხელშეკრულება ჩვენსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის, რომ მეორე ტურში გასულ კანდიდატს ორივე პარტია დაუჭერდა მხარს. ამას გარდა, არც არჩევნების საღამოს, როდესაც დავით ბაქრაძემ მხარი დაუჭირა გრიგოლ ვაშაძეს, საბანაძეს პრეტენზია არ გამოუთქვამს. პირიქით, ის გვატყობინებს, თუ რამდენად ეფექტურად დაიწყო მუშაობა „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ჩვენთვის ცნობილია რომ მას ჰქონდა ფინანსური პრობლემები. პარტია არ არის ის ორგანიზაცია, რომელსაც შეუძლია, როგორც მისი წევრებისთვის ასევე ნებისმიერი მოქალაქისთვის პირადი ფინანსური პრობლემების მოგვარება.

ჩვენთვის ცნობილია, რომ „ქართული ოცნება“ ახლობლების მეშვეობით უკავშირდება ჩვენი პარტიის აქტივისტებს და ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ სთხოვს მსგავსი ნაბიჯების გადადგმას. თუ ეს ამბავი დადასტურდა, ზვიად საბანაძის შემთხვევაში და ჩვენ საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, ეს იქნება კიდევ ერთხელ დადასტურება იმისა, როგორ იყენებს არასწორ და უღირს მეთოდებს „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ბრძოლისათვის. მათ უნდა ესმოდეთ, რომ ეს მეთოდები მათ ვერც პირველ და ვერც მეორე ტურში გამოადგებათ“, – განაცხადა ირაკლი კიკნაველიძემ.

„ევროპული საქართველოს“ გორის ორგანიზაციის თავმჯდომარე ზვიად საბანაძემ, ამავე პარტიის ათამდე სხვა აქტივისტთან ერთად, „ევროპული საქართველოს“ რიგები დატოვა. პარტიის ყოფილი აქტივისტები წინასაარჩევნოდ პარტიის დატოვების მიზეზად „ევროპული საქართველოს“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობას ასახელებენ.