ევროპის სუპერლიგაში 3 დივიზიონი იქნება, ტურნირში მონაწილეობის სურვილი 60 კლუბს აქვს #1TVSPORT
ევროპის სუპერლიგაში 3 დივიზიონი იქნება, ტურნირში მონაწილეობის სურვილი 60 კლუბს აქვს #1TVSPORT

ევროპის სუპერლიგის ორგანიზატორებმა ტურნირის ფორმატი განიხილეს.

გამოცემა Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, სუპერლიგა დაიყოფა სამ დივიზიონად. უმაღლეს დივიზიონში („ვარსკვლავური“) მონაწილეობას მიიღებს 16 გუნდი TOP5 ქვეყნების ჩემპიონატებიდან, ასევე უძლიერესი კლუბები ნიდერლანდებიდან და პორტუგალიიდან.

მეორე დივიზიონში („ოქროსი“) – კიდევ 16 გუნდი ითამაშებს, მესამეში („ლურჯი“) – 32 გუნდი, რომელთაგანაც 20 ყოველ წელს გავარდება.

სუპერლიგის ორგანიზატორები სხვა ცვლილებებსაც განიხილავენ. ბევრმა კლუბმა გამოთქვა დაინტერესება იმით, რომ უძლიერესი ლიგების ჩემპიონებმა, თუნდაც ისინი არ იყვნენ ისტორიული გრანდები, მიიღონ ადგილი უმაღლეს დივიზიონში.

ასევე შეიძლება შეიცვალოს ტურნირის ხანგრძლივობა. ამჟამად, „ვარსკვლავური“ დივიზიონის ჯგუფურ ეტაპზე იგეგმება ორი ჯგუფი თითოში რვა გუნდით, რომლებიც ორ წრედ ითამაშებენ 14 მატჩს.

ამის შემდეგ, თითოეული ჯგუფის ოთხ-ოთხი საუკეთესო გუნდი ითამაშებს ორ-ორმატჩიან მეოთხედფინალებსა და ნახევარფინალებში, რასაც მოჰყვება ფინალური შეხვედრა. საერთო ჯამში ჩემპიონს მოუწევს 19 მატჩის გამართვა. ჩემპიონთა ლიგის დღევანდელი ფორმატით ეს რიცხვი 17-ს უტოლდება.

განიხილება ტურნირის 17 ან 18 მატჩამდე შემცირების შესაძლებლობა. თამაშები ყოველთვის შუა კვირას გაიმართება. ასე რომ, ეროვნული ჩემპიონატებისთვის კვლავაც უქმეები იქნება გამოყოფილი.

ტურნირის დაწყების თარიღი არ შეცვლილა: 2025 წლის სექტემბერი ან 2026 წლის სექტემბერი.

Mundo Deportivo ასევე წერს, რომ სუპერლიგის ორგანიზატორებმა ევროპის 100-ზე მეტ კლუბთან გამართეს მოლაპარაკებები და ტურნირში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა დაახლოებით 60 კლუბმა.

თავდაპირველად, ევროპის სუპერლიგის პროექტში 12 კლუბი შედიოდა, დღეს კი იქ მხოლოდ „რეალი“ და „ბარსელონა“ არიან დარჩენილნი.