ევროპის სუპერლიგამ ახალი პროექტი წარადგინა - ორი დივიზიონი, 20 გუნდი #1TVSPORT
ევროპის სუპერლიგამ ახალი პროექტი წარადგინა - ორი დივიზიონი, 20 გუნდი #1TVSPORT

„იუვენტუსის“ პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ ევროპის სუპერლიგის ახალი პროექტი წარმოადგინა. ის სპორტულ-ეკონომიკურ ფორუმზე გამოვიდა და გამოაცხადა, რომ პირველად გეგმასთან შედარებით, პროექტში მნიშვნელოვანი ცვლილებაა შეტანილი.

შეგახსენებთ, რომ პირველი პროექტის მთავარ პრობლემად მოინათლა დახურული ლიგა, საიდანაც არავინ გავარდებოდა და იქ არავინ შევიდოდა. ახლა კი ირკვევა, რომ იქნება ორი დივიზიონი, მთლიანად ტურნირში კი 20 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ასე რომ, გათვალისწინებულია გავარდნა „ქვედა“ დივიზიონში და აღზევება „მაღალ“ დივიზიონში.

„სუპერლიგა არ ჩავარდნილა. ჩემი აზრით, ევროპულ ფეხბურთს სასწრაფოდ ესაჭიროება რეფორმები. უეფა-მ იცოდა, რომ მე, როგორც „იუვენტუსის“ პრეზიდენტი, რაღაც ახალზე ვმუშაობ.

სუპერლიგა – ეს არის 12 გუნდის და არა ერთი ადამიანის კოლექტიური შრომა. 12-მა კლუბმა მოაწერა ხელი 120-გვერდიან კონტრაქტს და ის ჯერაც მოქმედებს ამ კლუბებისთვის“, – განაცხადა ანიელიმ.

როგორც ცნობილია, ევროპის სუპერლიგა შექმნა 12-მა კლუბმა: „რეალმა“, „იუვენტუსმა“, „ბარსელონამ“, „ატლეტიკომ“, „მილანმა“, „ინტერმა“, „მანჩესტერ იუნაიტედმა“, „მანჩესტერ სიტიმ“, „ჩელსიმ“, „ლივერპულმა“, „ტოტენჰემმა“ და „არსენალმა“.

ფიფა-სგან და უეფა-სგან მოსალოდნელი სანქციების შიშით, ცხრა კლუბი გამოეყო პროექტს და სუპერლიგაში მხოლოდ „რეალი“, „ბარსელონა“ და „იუვენტუსი“ დარჩნენ.