ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატი საქართველოში - საქართველოს დელეგაციის წევრები პირველ კომენტარებს აკეთებენ (ვიდეო)
ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატი საქართველოში - საქართველოს დელეგაციის წევრები პირველ კომენტარებს აკეთებენ (ვიდეო)

დღეს, მიუნხენში მდებარე ევროპული კალათბურთის მმართველ ორგანოში, 2021 წლის ევრობასკეტის ოთხი მასპინძელი ქვეყანა დასახელდა, რომელთა შორის საქართველოც აღმოჩნდა.

ჩვენი ქვეყანა კალათბურთში ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს გერმანიასთან, ჩეხეთთან და იტალიასთან ერთად უმასპინძლებს.

საქართველოს პრეზიდენტი ბორდის წინაშე მოხსენებით გამოვიდა და საქართველოს შესახებ ვიდეორგოლი წარადგინა. მოხსენებაში სალომე ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა ქვეყნის მზაობას FIBA EUROPE -2021-ის მასპინძლობის შესახებ.

საქართველოს მასპინძლობის უფლების მიღება მიულოცა ასევე „ფიბა ევროპის“ პრეზიდენტმა ტურგაი დემირელმა.

„მინდა მივულოცო საქართველოს ეს წარმატება. მე ვიცი, როგორი ვნებიანი გულშემატკივრები არიან ქართველები და როგორი პოპულარულია სპორტის ეს სახეობა საქართველოში. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში შესანიშნავი ტურნირი გაიმართება. ეს ასევე მოიტანს ახალ საკალათბურთო დარბაზებს, კიდევ უფრო მეტ გულშემატკივარს გააჩენს ქვეყანაში, სადაც საკალათბურთო ტრადიცია ძალიან ძლიერია“, – განაცხადა დემირელმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ეს წარმატება საქართველოს ევროპასთან კიდევ უფრო დააახლოვებს.

„ვბრუნდებით საქართველოში პოზიტივით, რადგან საქართველო 2021 წლის ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის მასპინძელი გახდა. ამით საქართველო ევროპული სპორტის სრულუფლებიანი წევრი გახდა და ჩვენ კიდევ უფრო დავუახლოვდით ევროპას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარი გააკეთეს საქართველოს ნაკრების ყოფილმა და მოქმედმა წევრებმაც – ვლადიმირ ბოისამ და თორნიკე შენგელიამ.

ვლადიმირ ბოისა: „ასეთი დიდი ტურნირი საქართველოში ჯერ არასდროს ჩატარებულა და მიხარია, რომ ასეთ წარმატებას მივაღწიეთ. ეს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის დიდი შრომის შედეგია და ასევე მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერისთვის“.

თორნიკე შენგელია: „ეს საქართველოსთვის უდიდესი წარმატებაა და მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომლის მიუნხენში ყოფნამ დიდი როლი ითამაშა ჩვენს წარმატებაში“.

შალვა გოგოლაძე – განათლებისმეცნიერებისკულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე: „ეს საქართველოს კიდევ ერთი აღიარებაა ევროპის მხრიდან და ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ წმინდა ევროპული ქვეყანა. ვულოცავ საქართველოს და ქართველ გულშემატკივარს“.

გიორგი გრიგოლია – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორიმიუნჰენში ქართული დიასპორის წარმომადგენელი: „ვულოცავ ყველას ამ გამარჯვებას. საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა და ეს დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა“.