ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები დღეს პარლამენტში შეხვედრებს გამართავენ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები დღეს პარლამენტში შეხვედრებს გამართავენ

დღეს საქართველოში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრების ვიზიტი იწყება. დელეგაციის შემადგენლობაში არიან ტიტუს კორლატეანი (რუმინეთი, „სოციალისტების“ ჯგუფი), კლოდ კერნი (საფრანგეთი, „ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისათვის“ სამდივნო), ბას კლეინი (სამდივნოს უფროსის მოადგილე, ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტი).

კომიტეტის წევრები პირველ შეხვედრას გამართავენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, კახა კუჭავასთან. ასევე, დღის განმავლობაში შეხვედრებია დაგეგმილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრებთან და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარესთან, ანრი ოხანაშვილთან.

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში უპრეცედენტოდ მჭიდრო თანამშრომლობაა ევროპის საბჭოსა თუ ევროკავშირის სტრუქტურებთან. მისი თქმით, შეხვედრებზე ევროპელ კოლეგებს ინფორმაციას მიაწვდიან რეფორმებთან დაკავშირებით. ანრი ოხანაშვილის განმარტებით, ამ გზაზე სახელმძღვანელო ევროპის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის დოკუმენტია. მისივე განცხადებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან 19 აპრილის შეთანხმების იმპლემენტაციასთან დაკავშირებით.

„ჩვენი ხელისუფლების პირობებში უპრეცენდენტოდ მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს ევროპის საბჭოს თუ ევროკავშირის სტრუქტურებთან. ჩვენი ევროპელი კოლეგებს აინტერესებთ კონკრეტული მიმართულებების საკითხები. ეს უკავშირდება რეფორმებს, ადამიანის უფლებების დაცვას, სასმართლო რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხებს. ამიტომ ევროპელ კოლეგებს და მეგობრებს გავუზიარებთ პოზიციებს იმ საკითხებზეც, რომლებზეც ვგეგმავთ უახლოეს პერიოდში რეფორმებს. იცით, რომ ჩვენთვის სახელმძღვანელო დოკუმენტია შარლ მიშელის დოკუმენტი. ჩვენ გავუზიარებთ იმ სულისკვეთებას, რაც უკვე ჩავდეთ ამბიციური საარჩევნო რეფორმის საკანონმდებლო პაკეტში, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხებზე და შესაბამისად, გავცვლით პოზიციებს იმისთვის, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები, ევროპელი მეგობრები დეტალურად იყვენენ ინფორმირებული საქართველოში მიმდინარე რეფორმების საკითხებზე. ჩვენთვის ყოველთვის ღირებული და მნიშვნელოვანია მათი ვიზიტები, მათი ჩართულობა და საბოლოოდ, ეს ყველაფერი იმას ემსახურება, რომ 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის დაყენების დროს ვიყოთ ბევრად მომზადებული“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრების ოფიცილური ვიზიტი ორდღიანია. ისინი 3 ივნისს შეხვედრებს გამართავენ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც.