ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის საქართველოს თავმჯდომარეობის დასრულების შემდეგ, საქართველოს სიმბოლური საჩუქარი გადაეცა
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის საქართველოს თავმჯდომარეობის დასრულების შემდეგ, საქართველოს სიმბოლური საჩუქარი გადაეცა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 27 მაისს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პირველი სხდომა საბერძნეთის თავმჯდომარეობით.

აღნიშნულ სხდომაზე, არსებული პრაქტიკის თანახმად, მოხდა წინა თავმჯდომარე სახელმწიფოს ელჩისათვის – ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლისათვის, ირაკლი გივიაშვილისათვის ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის სამახსოვრო საჩუქრის – ზარის გადაცემა.

საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე სხდომის დაწყების შესახებ მონაწილეებს ზარის დარეკვით ამცნობს, რაც ამ საჩუქარს შესაბამის სიმბოლურ დატვირთვას სძენს.

აღნიშნული სამახსოვრო საჩუქარი საქართველოს ევროპის საბჭოში საბერძნეთის ელჩმა გადმოსცა, რომელმაც თავის გამოსვლაში ისაუბრა საქართველოს თავმჯდომარეობაზე, რომელიც ორგანიზაციაში ჩვენი ქვეყნის გაწევრიანების 20 წლისთავს დაემთხვა. საბერძნეთის ელჩმა მადლობა გადაუხადეს ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს ირაკლი გივიაშვილს, მინისტრთა კომიტეტის საქართველოს თავმჯდომარეობის 6-თვიან პერიოდში გაწეული უაღრესად ნაყოფიერი მუშაობისა და მიღწეული შედეგებისთვის. თავის მხრივ, სხდომაზე, საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა მადლობა გადაუხადა კოლეგებს მტკიცე მხარდაჭერისათვის, ხოლო მინისტრთა კომიტეტის სამდივნოსა და ორგანიზაციის სხვადასხვა სტრუქტურას შესანიშნავი თანამშრომლობისათვის, რამაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს თავმჯდომარეობის წარმატებაში.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის საქართველოს თავმჯდომარეობის 6-თვიან პერიოდში, 2019 წლის 27 ნოემბრიდან 2020 წლის 15 მაისამდე, ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი უძღვებოდა მინისტრთა კომიტეტის ყოველკვირეულ სხდომებს, რომელთა ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება მოხდა.​