ევროპის საბჭომ ბელარუსთან ურთიერთობები შეაჩერა
ევროპის საბჭომ ბელარუსთან ურთიერთობები შეაჩერა

ევროპის საბჭომ ბელარუსთან ურთიერთობები შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციის ვებგვერდზე ვრცელდება.

აღნიშნულის მიზეზად ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი ასახელებს ბელარუსის აქტიურ ჩართვას უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის აგრესიაში.

დადგენილების თანახმად, ბელარუსს უჩერდება ორგანიზაციის ყველა შეხვედრასა და აქტივობაში მონაწილეობის უფლება. ეს, ასევე, ეხება ბელარუსის მონაწილეობას ევროპის საბჭოს ნაწილობრივ შეთანხმებებში, მათ შორის ვენეციის კომისიაში.

კომიტეტმა ასევე გადაწყვიტა შეწყვიტოს ყველა სახის ტექნიკური თანამშრომლობა ბელარუსთან. თუმცა, მინისტრთა კომიტეტმა გადაწყვიტა, შეინარჩუნოს და გააძლიეროს ურთიერთობა ბელარუსის სამოქალაქო საზოგადოებასა და ქვეყნიდან გაქცეულ ოპოზიციონერებთან.