ევროპის ოთხი ჩემპიონი საქართველოს წინააღმდეგ | ლეგენდების თასი
ევროპის ოთხი ჩემპიონი საქართველოს წინააღმდეგ | ლეგენდების თასი

ზამთრის თასი2020-ის მონაწილე გუნდებიდან ყველაზე გვიან ცნობილი ფიფა-ს სახელით მოთამაშე გუნდის შემადგენლობა გახდა ცნობილი.

ფიფა: ნუნუ გომეში, გეორგიოს კარაგუნისი, ანგელოს ხარისტეასი, ნუნუ ფრეშო, კოსტას კაცურანისი, ხორხე სერე, ჰექტორ ნავარო, მათიას ვითაგენი.

ამ გუნდში ბევრი ცნობილი ფეხბურთელი ითამაშებს. მათ შორის ოთხი ევროპის ჩემპიონია. პორტუგალიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ნუნუ გომეში ევროპის 2000 წლის ჩემპიონია. ის თბილისს ზედიზედ მეორედ ესტუმრება. ანგელოს ხარისტეასზე უკვე ვწერდით – 2004 წლის ევროპის ჩემპიონატის გმირი და ფინალში ერთად-ერთი გოლის ავტორი გვესტუმრება.

ხარისტეასთან ერთად ითამაშებს ოტო რეჰაგელის საჩემპიონო საბერძნეთის ნაკრების ნახევარმცველი გეორგიოს კარაგუნისიც, რომელიც ეროვნულ გუნდს 2009-2014 წლებში კაპიტნობდა – კარაგუნისს 15 წლიანი სანაკრებო კარიერა ჰქონდა და საბერძნეთის ნაკრების მაისურით ყველაზე მეტი, 139 მატჩი აქვს ჩატარებული. თამაშობდა „პანათინაიკოსში“, „ინტერში“, „ბენფიკასა“ და „ფულემში“. მონაწილეობდა 2005 წლის კონფედერაციის თასზე, ევროპის 2008 და 2012 წლების გათამაშებებში, 2010 და 2014 წლების მსოფლიო ჩემპიონატებზე. ბერძნების 2004 საჩემპიონო შემადგენლობიდან ფიფა-ს სახელით კოსტას კაცურანისსაც ვიხილავთ, რომელმაც ეროვნულ გუნდში 11 მატჩი ჩაატარა.

ლეგენდათა ტურნირი კი უკვე მეოთხე წელია იმართება. გასულ წლებში ტურნირის გამარჯვებული ორჯერ საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრები გახდა, ერთხელ კი, თურქეთის.

ფიფა-ს ნაკრები ჯგუფში საქართველოს ლეგენდების ნაკრების მეტოქეა – ამ გუნდების შეხვედრა 19 იანვარს 16:00 საათზე გაიმართება. მანამდე საქართველო 14:00 საათზე უეფა-ს გუნდს დაუპირისპირდებ. ლეგენდების თასის ნახევარფინალური მატჩები 17:00 და 17:40 საათებზე გაიმართება, ხოლო ფინალი – 19:00 საათზე. ზამთრის თასი 2020-ის ფინალურ შეხვედრას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, დანარჩენ მატჩებს კი შეგიძლიათ თვალი, ჩვენს ონლაინ-პლატფორმაზე ადევნოთ.