ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ევროპული თამაშების პერსპექტივაზე ისაუბრა
ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ევროპული თამაშების პერსპექტივაზე ისაუბრა

21-დან 30 ივნისის ჩათვლით მინსკი 2019 წლის ევროპულ თამაშებს უმაპინძლებს. აღნიშნული ღონისძიება მეორედ იმართება და მასში მონაწილეობას 4000-მდე სპორტსმენი მიიღებს. ჯამში სპორტის 15 სახეობაში მედლების 199 კომპლექტი გათამაშდება.

ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი იანეზ კოჩიანჩიჩი თვლის, რომ პირველმა ევროპულმა თამაშებმა გამოცდა წარმატებით გაიარა და ამ მასშტაბურ ტურნირს დიდი მომავალი აქვს.

„ჩვენი მიზანია, ევროპული თამაშები, თავისი მნიშვნელობით, გახდეს მეორე სპორტული ფორუმი. პირველი, რა თქმა უნდა, ოლიმპიადაა. წელს უკვე მინსკი გვიმასპინძლებს. ეს თამაშები გახდება ტრადიციული და გაიმართება ყოველი ოლიმპიადის წინა წელს, ოთხ წელიწადში ერთხელ. ოლიმპიურ კომიტეტში ვფიქრობთ, რომ ევროპულ თამაშებს დიდი მომავალი აქვს. მსოფლიო სპორტში ამ კონტინენტს უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის მოსახლეობა პლანეტის მოსახლეობის მხოლოდ 10 პროცენტია, ზაფხულის ოლიმპიადის მედლების 50-სა და ზამთრის ოლიმპიადის მედლების 70 პროცენტს სწორედ ამ კონტინენტის წარმომადგენლები იგებენ. გვსურს ეს ტენდენცია შევინარჩუნოთ და მეტიც, შედეგები გავაუმჯობესოთ.
არ დავმალავ, რომ არსებობს იდეა ზამთრის ევროპულ თამაშებთან დაკავშირებით. შესაძლოა, მომავალში ეს ღონისძიებაც ჩავატაროთ. ჩვენს კონტინენტზე არის ისეთი ქვეყნები, რომლებსაც ზამთრის ოლიმპიადებზე არასდროს უასპარეზიათ. მათ დამატებითი შანსი მიეცემათ, წარმატებას მიაღწიონ მნიშვნელოვან ტურნირზე და მოიგონ მედლები“, – განაცხადა კოჩიანჩიჩმა.