ევროპის ლიგის პლეი ოფი | გოჩოლეიშვილი განაცხადში არ იყო - „შახტარმა“ პირველ მატჩში „რენი“ დაამარცხა #1TVSPORT
ევროპის ლიგის პლეი ოფი | გოჩოლეიშვილი განაცხადში არ იყო - „შახტარმა“ პირველ მატჩში „რენი“ დაამარცხა #1TVSPORT

გიორგი გოჩოლეიშვილი არ იყო დონეცკის „შახტარის“ განაცხადში ევროპის ლიგის პლეი ოფის პირველ მატჩში, რომელშიც უკრაინელებმა „რენი“ 2:1 დაამარცხეს.

„ჯეო თიმის“ ცნობით, ბოლო მომენტში დონეცკის გუნდმა ქართველი მცველი ევროპის ლიგის მიმდინარე სეზონის განაცხადში არ დაიმატა, რაც დიდი და უსიამოვნო სიურპრიზია.

სამი თვის განმავლობაში დონეცკელებმა პირველი ოფიციალური მატჩი გამართეს, მაგრამ პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში, 1/16 ფინალურ დაპირისპირებაში ძლიერი მეტოქე მაინც დაამარცხეს.

„შახტარმა“ მატჩი კარგად დაიწყო და სწრაფი გოლი გაიტანა – ანგარიში კრისკივმა მე-11 წუთზე გახსნა. პირველი ტაიმის ბოლოს კონოპლია საჯარიმოში წააქციეს და არბიტრმა „რენის“ კარში პენალტი დანიშნა, რომელიც ბონდარენკომ უნაკლოდ შეასრულა.

მეორე ტაიმი ფრანგების შტურმით დაიწყო და მათ 59-ე წუთზე ეკამბის გოლით სხვაობა შეამცირეს. „შახტარმა“ მოახერხა „რენის“ ზეწოლის შეჩერება და მესამის გატანაც შეეძლო, მაგრამ ზუბკოვმა და სიკანმა შანსებით ვერ ისარგებლეს.

ევროპის ლიგის პლეი ოფში (1/16 ფინალში) „შახტარის“ და „რენის“ საპასუხო შეხვედრა 23 თებერვალს საფრანგეთში გაიმართება.