ევროპის ლიგის ფინალში „სევილია“ და „რომა“ ითამაშებენ #1TVSPORT
ევროპის ლიგის ფინალში „სევილია“ და „რომა“ ითამაშებენ #1TVSPORT

უეფა-ს ევროპის ლიგის ფინალური წყვილი ცნობილია. ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში ერთმანეთს ესპანური „სევილია“ და იტალიური „რომა“ დაუპირისპირდებიან.

„სევილიამ“ ნახევარფინალში ორმატჩიანი, ძალიან დაძაბული დუელი ტურინის „იუვენტუსს“ მოუგო. იტალიაში ნათამაშები ფრის შემდეგ (1:1) ესპანეთში გუნდებმა დიდი დრამა გაითამაშეს. მატჩის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა. დაძაბული და უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ მეორე ნახევარი უფრო აქტიურად „იუვენტუსმა“ დაიწყო და იტალიელები 65-ე წუთზე დუშან ვლაჰოვიჩმა დააწინაურა. „სევილიამ“ უპირატესობა სწრაფად აღადგინა, 71-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა სუსომ საჯარიმოს გარედან ზუსტად დაარტყა. ამის შემდეგ ძირითად დროში აღარაფერი შეცვლილა, დამატებით დროში კი უფრო ძლიერები კვლავ ესპანელები აღმოჩნდნენ, 95-ე წუთზე ერიკ ლამელამ გაიტანა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, 2:1 (3:2 ორი მატჩის ჯამში) „სევილიას“ სასარგებლოდ.

მეორე ნახევარფინალური დაპირისპირება გერმანიაში გაიმართა, „ბაი არენაზე“ „ლევერკუზენმა“ „რომა“ მიიღო. გუნდების პირველი მატჩი იტალიაში „რომას“ ჰქონდა მოგებული (1:0). თამაშის დასაწყისშივე გამოჩნდა, რომ ჟოზე მოურინიოს მთავარი მიზანი ანგარიშის შენარჩუნება იქნებოდა. ასეც მოხდა, „რომამ“ 90 წუთი გაძლო, „ლევერკუზენს“ გოლის გატანის 23 მცდელობა ჰქონდა, თუმცა უშედეგოდ. საბოლოოდ, 0:0 (ორი მატჩის ჯამში 1:0 „რომას“ სასარგებლოდ)  და რომაელები ფინალში არიან.

„სევილია“ ევროპის ლიგის ფინალში უკვე მეშვიდედ ითამაშებს, ყველა წინა ფინალური მატჩი ანდალუზიელებს მოგებული აქვთ, რითიც ტურნირის რეკორდსმენები არიან. რაც შეეხება „რომას“, მოურინიოს გუნდი ამ შეჯიბრების ფინალში 1991 წლის შემდეგ პირველად გავიდა. ასევე აღსანიშნავია, რომ რომაელები, ზედიზედ მეორე წელია, ევროტურნირის მთავარ შეხვედრაში ახერხებენ მონაწილეობის მიღებას. გასულ წელს, კონფერენს ლიგის ბოლო ეტაპზე იტალიურმა გუნდმა „ფეიენოორდი“ 1:0 დაამარცხა. თავად მოურინიოსთვის ეს მეექვსე ფინალია ევროტურნირების ეგიდით, ყველა წინა მატჩში ის გამარჯვებული გამოვიდა.

ევროპის ლიგის ფინალი 31 მაისს ბუდაპეშტში, „პუშკაშ არენაზე“ გაიმართება.

„სევილია“ – „იუვენტუსი“ 2:1 (3:2)

გოლები: ვლაჰოვიჩი (65), სუსო (71), ლამელა (95)

გაძევება: აკუნია (115)

„სევილია“: ბონო, ნავასი (106. გომესი), ბადე, გუდელი, აკუნია, ფერნანდო, რაკიტიჩი, ოკამპოსი (70. ლამელა), ტორესი (62. სუსო, 117. რეკიკი), ხილი (100. მონტიელი), ელ ნესირი

„იუვენტუსი“: შესნი, გატი, ბრემერი, დანილო, ინგ ჯუნიორი (88. კოსტიჩი), რაბიო, ლოკატელი (88. მირეტი), ფაჯიოლი (41. პარედესი), კუადრადო (106. მილიკი), დი მარია (63. კიეზა), კინი (63. ვლაჰოვიჩი)

„ლევერკუზენი“ – „რომა“ 0:0 (0:1)

„ლევერკუზენი“: ჰრადეცკი, ტაპსობა, ტა (86. ამირი), ჰინცაპიე, ფრიმპონგი, დემირბაი, პალასიოსი (80. ჰლოცეკი), ბაკერი (73. ადლი), ვირცი, დიაბი, აზმუნი

„რომა“: პატრისიუ, იბანიესი, კრისტანტე, მანჩინი, სპინაცოლა (33. ზალევსკი), პელეგრინი, მატიჩი, ბოვე, ჩელიკი (79. სმოლინგი), აბრაჰამი, ბელოტი (46. ვაინალდუმი)