ევროპის ლიგა | ჯგუფური ეტაპი - მიქაუტაძე ისევ თამაშგარეშია, კიტეიშვილმა გასვლაზე მოიგო #1TVSPORT
ევროპის ლიგა | ჯგუფური ეტაპი - მიქაუტაძე ისევ თამაშგარეშია, კიტეიშვილმა გასვლაზე მოიგო #1TVSPORT

ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გიორგი მიქაუტაძის „აიაქსი“ ათენის „აეკს“ ესტუმრა და 1:1 ითამაშა.

ქართველი თავდამსხმელი სათადარიგოებში იყო და, სამწუხაროდ, კვლავ თამაშგარეთ დატოვეს. მეორე ეტაპის შეხვედრაში ანგარიში 30-ე წუთზე ამსტერდამელებმა პენალტით გახსნეს. ბერძნული კლუბის კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი სტივენ ბერგვაინმა გამოიყენა, მაგრამ 74-ე წუთზე ბერძნების ხორვატმა მცველმა, დომოგოი ვიდამ გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ოთარ კიტეიშვილის „შტურმი“ „რაკოვს“ პოლონეთში დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების ნახევარცველი ავსტრიელების ძირითად შემადგენლობაში იყო და 76 წუთი ითამაშა. ქართველის გუნდმა გამარჯვება 24-ე წუთზე ვილიამ ბოვინგის გატანილი გოლით მოიპოვა.

ორი ტურის შემდეგ „აიაქსი“ ჯგუფში (აეკ-ის გარდა, თამაშობენ „მარსელი“ და „ბრაიტონი“) ორი ქულით მესამე ადგილზეა, ხოლო „შტურმი“ („რაკოვთან“ ერთად, მისი მეტოქეები არიან „ატალანტა“ და „სპორტინგი“) სამი ქულით ასევე მესამე პოზიციაზეა.