ევროპის ძიუდოს კავშირის გადაწყვეტილება - ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი გადაიდო
ევროპის ძიუდოს კავშირის გადაწყვეტილება - ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი გადაიდო

„ევროპის ძიუდოს კავშირის (EJU) აღმასრულებელმა კომიტეტმა COVID-19 კრიზისთან დაკავშირებით ჩაატარა ვიდეოკონფერენცია, რათა განეხილა შემდგომი მოქმედების სტრატეგია. EJU-მ წინასწარ მიიღო ინფორმაცია წევრ ქვეყნებში არსებული სიტუაციის შესახებ და კონსულტაცია გაიარა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციასთან (IJF), რის შემდეგაც გადაწყვიტა:
• ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი გადაიდო და ახალ თარიღად შემოთავაზებულია 2020 წლის 8-10 ნოემბერი (კვირა-სამშაბათი), თარიღი დაზუსტდება პრაღის „02 Arena“-სთან მოლაპარაკების დასრულების შემდეგ.
• გაუქმებულია EJU-ს ყველა ღონისძიება, რომელიც დაგეგმილი იყო ივლისის ბოლომდე (ტურნირები, სასწავლო შეკრებები, სემინარები, ფესტივალი). აგვისტოში ჩასატარებელი ღინისძიებების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება აპრილის ბოლოს.
• გადადებულია ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი კადეტთა შორის (რიგა, ლატვია). მისი ჩატარების ახალი თარიღია 29 ნოემბერი-1 დეკემბერი (შაბათი-სამშაბათი).
• ახალგაზრდების და 23 წლამდელთა ძიუდოისტების ევროპის ჩემპიონატების ჩატარება იგეგმება კომბინირებულად 11-15 ნოემბერს პორეცში (ხორვატია). ლუქსემბურგი, სადაც 2020 წელს ახალგაზრდების ევროპის ჩემპიონატი უნდა ჩატარებულიყო, იტოვებს ჩემპიონატის ჩატარების უფლებას 2021 წელს.
• შერეული გუნდური ჩემპიონატის ჩატარება იგეგმება 28 ნოემბერს ბუქარესტში (რუმინეთი).
• ევროპის 2020 წლის საკლუბო ჩემპიონატები (ოქროს ლიგა და ჩემპიონთა ლიგა) გაუქმდება.
• კატა და ვეტერანთა ევროპის ჩემპიონატები გადაიდო. მათი ჩატარების ახალი თარიღი IJF- თან კოორდინაციით იქნება განსაზღვრული, მას შემდეგ რაც გაირკვევა კატას და ვეტერანთა მსოფლიოს ჩემპიონატების ჩატარების პირობები.
• მოვლენების შემდგომი განვითარებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით EJU შეეცდება გამონახოს კადეტებს, ახალგაზრდებს და უფროსებს შორის ევროპის თასების, აგრეთვე ერთობლივი ვარჯიშების ჩატარების საშუალებები სექტემბერ-ოქტომბერში.
ეს გადაწყვეტილებები მიზნად ისახავს ამ რთულ პერიოდში უკეთეს დაგეგმვას და ემყარება იმედს, რომ სიტუაცია ზაფხულამდე ნორმალური გახდება, რათა ფედერაციებმა შეძლონ ფუნქციონირება და ძიუდოისტემა ვარჯიშის დაწყება. რა თქმა უნდა, სიტუაციას ვაკვირდებით და ყველა გადაწყვეტილება ექვემდებარება გადახედვას, რაც დამოკიდებულია მოვლენების განვითარებაზე.“

წყარო – საქართველოს ძიუდოს ფედერაცია