ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძიუდოისტების მეტოქეები ცნობილია #1TVSPORT
ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძიუდოისტების მეტოქეები ცნობილია #1TVSPORT

23-26 აპრილს პოდგორიცაში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძიუდოისტების მეტოქეები ცნობილია. ტურნირზე 15 ქართველი სპორტსმენი (9 კაცი და 6 ქალი) იასპარეზებს.

ევროპის ჩემპიონატის ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

შეჯიბრების განრიგი:

23 აპრილი

კაცები – 60, 66 კგ;

ქალები – 48, 52 კგ;

24 აპრილი

კაცები – 73 კგ;

ქალები – 57, 63 კგ;

25 აპრილი

კაცები – 81, 90 კგ;

ქალები – 70 კგ;

26 აპრილი

კაცები – 100, +100 კგ;

ქალები – 78, +78 კგ.

ოთხივე დღეს წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:30 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 18:00 საათზე გაიმართება.

60 კგ-ში გიორგი სარდალაშვილი მეორე წრეში უნგრელ მარტონ ანდრასისა და ბულგარელ ივან სიმეონოვს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. 66 კგ-ში ვაჟა მარგველაშვილის მეტოქე გერმანელი მარტინ სეტცი იქნება, თემურ ნოზაძე კი უკრაინელ ნაზარ ვისკოვთან იჭიდავებს.

73 კგ-ში ლაშა შავდათუაშვილი ჩეხეთის სახელით გამომსვლელ ჩუსნიდინ კარიმოვისა და კვიპროსელი კიპრიანოს ანდრეუს შორის გამარჯვებულს შეხვდება. 81 კგ-ში ტატო გრიგალაშვილი პოლონელ პაველ დრზიმალს, ან უკრაინელ ვლადისლავ კოლობოვს დაუპირისპირდება.

90 კგ-ში საქართველოს ნაკრებს ორი წარმომადგენელი ეყოლება. ლუკა მაისურაძე მოლდოველ მიჰაილ ლატიშევთან იჭიდავებს, გიორგი ჯაბნიაშვილი კი – ფინელ არტურ კანევეტს შეხვდება.

ევროპის ჩემპიონატზე 90 კგ-ში ლაშა ბექაურის ნაცვლად გიორგი ჯაბნიაშვილი იჭიდავებს

100 კგ-ში ილია სულამანიძის პირველი მოწინააღმდეგე სერბი ალექსანდარ კუკოლისა და ჩრდილომაკედონიელი ნიკოლა პავლოვსკის შორის გამარჯვებული იქნება.

ქართველი მძიმეწონოსნის, გურამ თუშიშვილის მეტოქე პირველ ბელგიელი ივ რეჯეპ ნდაოსა და თურქ ერგინს შორის გამარჯვებული იქნება.

ქალთა 48 კგ-მდე წონით კატეგორიაში ჯულიეტა როდონაია ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) სახელით გამომსვლელ მარინა ვორობიოვასთან იჭიდავებს.

57 კგ-ში წონის პირველი ნომერია ეთერ ლიპარტელიანი, რომელიც ესპანელ მარტა გარსია მარტინსა და IJF-ის სახელით მოასპარეზე დარია კურბონმამადოვას შეხვედრაში გამარჯვებულს დაუპირისპირდება. ამავე წონაში ნინო ლოლაძე ბულგარელ სნეჟანა გრამატიკოვას შეხვდება.

63 კგ-ში ეთერ ასკილაშვილი ნიდერლანდელ გეკე ვან დენ ბერგთან იჭიდავებს. 70კგ-ში მარიამ ჭანტურია პოლონელ ალექსანდრა კოვალევსკას დაუპირისპირდება, მძიმე წონაში (+78 კგ) კი სოფიო სომხიშვილის მოწინააღმდეგე აზერბაიჯანელი ნიგარ სულეიმანოვა იქნება.

27 აპრილს პოდგორიცაში ევროპის ჩემპიონატზე გუნდური შეჯიბრება გაიმართება. საქართველოს ნაკრები მერვედფინალში უნგრეთს შეხვდება. ბადის მეორე მხარეს საფრანგეთის, ავსტრიის , ბელგიის, იტალიის, აზერბაიჯანის, IJF-ის და ხორვატიის გუნდები მოხვდნენ.

შეგახსენებთ, რომ 2024 წელს, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროს, ორი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ტურნირის ჩემპიონები ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) და ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) გახდნენ, ვერცხლის მედლები ილია სულამანიძემ (100 კგ) და გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) მოიპოვეს, ბრინჯაოს მედლებს კი ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ლაშა ბექაური (81 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) დაეუფლნენ.