ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში - ქართველი სპორტსმენების შანსები კონტინენტის პირველობაზე #1TVSPORT
ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში - ქართველი სპორტსმენების შანსები კონტინენტის პირველობაზე #1TVSPORT

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში 29 აპრილს სტარტს აიღებს ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში. ტურნირზე მედლების მოპოვებას საქართველოს ნაკრების 11 წევრი (ცხრა კაცი და ორი ქალი) შეეცდება. კონტინენტის პირველობაზე 40 ქვეყნის 362 სპორტსმენი გამოვა. შეჯიბრება 29 აპრილს დაიწყება და 1 მაისს დასრულდება.

ქართული ძიუდოს გულშემატკივრებისთვის ჩვენი ნაკრების შემადგენლობაში მოულოდნელობაა – გუნდში დაბრუნდა და ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს ვარლამ ლიპარტელიანი. ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური კი ტურნირზე ვერ იჭიდავებს, მან ოპერაციის შემდეგ ვარჯიში ცოტა ხნის წინ განაახლა.

საქართველოს ნაკრები სოფიაში უძლიერესი ძიუდოისტებით გამოვა. ასეთი შემადგენლობით ჩვენს გუნდს ოლიმპიადის შემდეგ არცერთ ტურნირზე არ უასპარეზია. მთლიანად შეჯიბრის პირველი ნომერი ძიუდოისტი ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილია.

კაცების 60 კგ წონითი კატეგორიის პირველი ნომერი ევროპის ჩემპიონატზე უკრაინელი არტიომ ლესიუკია. 2019 წლის მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი ლუხუმ ჩხვიმიანი ტურნირზე მესამე ნომრად არის განთესილი, ახალგაზრდა ჯაბა პაპინაშვილი კი შეჯიბრის მეხუთე ნომერია. ქართველი ძიუდოისტების შანსები მედლების მოსაპოვებლად, მათი მომზადების თუ გამოცდილების გათვალისწინებით საკმაოდ დიდია.

66 კგ-ში საქართველოს სახელით გამოცდილი ვაჟა მარგველაშვილი იასპარეზებს. ტურნირზე იგი მეორე ნომერია. მისი წონის ლიდერი შეჯიბრზე მოლდოველი დენის ვიერუა. ვაჟა 2016 წლის ევროპის ჩემპიონია, ქართველი ძიუდოისტი ცნობილია თავისი მებრძოლი ხასიათით და სოფიაში გასამართ კონტინენტის პირველობაზე მისგან წარმატებული გამოსვლა უნდა ვიწინასწარმეტყველოთ.

73 კგ წონითი კატეგორიის პირველი ნომერი ტურნირზეც და მსოფლიო რეიტინგშიც ლაშა შავდათუაშვილია. ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი ქართველი ნებისმიერი დონის ტურნირზე ოქროს მედლის მოპოვების მთავარ ფავორიტად შეიძლება ჩაითვალოს.

81 კგ-ში ტურნირზე მეორე ნომერი ახალგაზრდა ტატო გრიგალაშვილია. მისი წონის ლიდერი ბელგიელი მატიას კასეა, რომელთანაც ქართველი 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა. ტატოს წონაში ევროპის ჩემპიონატზე ბევრი ძლიერი ძიუდოისტი იასპარეზებს. დიდი კონკურენციის მიუხედავად, გრიგალაშვილს ტურნირზე ოქროს მედლის მოპოვების კარგი შანსი აქვს.

90 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების სახელით ახალგაზრდა ლუკა მაისურაძე იჭიდავებს. ის ტურნირზე მესამე ნომრად არის განთესილი. ქართველის წონაში ძალიან ძლიერი ძიუდოისტები არიან თავმოყრილნი, მაგრამ მიუხედავად ამისა, იმედი ვიქონიოთ, რომ ლუკა სამშობლოში მედლით დაბრუნდება.

100 კგ-ში ორი ქართველი ძიუდოისტი – ვარლამ ლიპარტელიანი და ახალგაზრდა ილია სულამანიძე იჭიდავებენ. ევროპის ჩემპიონატზე მათი წონის ლიდერი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი, პორტუგალიელი ჯორჯ ფონსეკა იქნება. გამოცდილი ლიპარტელიანის და სულამანიძის დონის ძიუდოისტების ერთ წონაში ასპარეზობა ნებისმიერი ნაკრებისთვის ფუფუნებაა, კონკურენცია ახალგაზრდებს მხოლოდ გააძლიერებს. მედლის მოპოვების შანსი ორივე სპორტსმენს დიდი აქვს, ოქროს სინჯის მედალიც სავსებით რეალურია.

მძიმეწონოსნებიდან საქართველოს სახელით გურამ თუშიშვილი იასპარეზებს. ამ წონით კატეგორიაში ქართველი ძიუდოისტი ტურნირზე პირველი ნომერია და იგი ამავდროულად შეჯიბრზე ოქროს მედლის მოპოვების უმთავრესი კანდიდატია.

ქალები -57 კგ წონით კატეგორიაში ახალგაზრდა ეთერ ლიპარტელიანი ტურნირზე მეოთხე ნომრად არის განთესილი, რაც მას კარგ შანსს აძლევს ნებისმიერი სინჯის მედლისთვის საბრძოლველად.

+78 კგ-ში კონტინენტის პირველობაზე სოფიო სომხიშვილი გამოვა. იგი შეჯიბრის მეცხრე ნომერია და ქართველი მძიმეწონოსნისგან სიურპრიზის შემოთავზებაც სავსებით შესაძლებელია.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალური ბლოკის ტელერეპორტაჟებს ექსკლუზიურად საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. ტურნირის პირდაპირი ტრანსლაციები 29,30 აპრილს და 1 მაისს თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.