ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში საქართველოს მეტოქეები კენჭისყრის შედეგად გამოვლინდნენ
ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში საქართველოს მეტოქეები კენჭისყრის შედეგად გამოვლინდნენ

ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია. ჩვენი ნაკრები მოხვდა E ჯგუფში, სადაც მეტოქეებად სერბეთი და ფინეთი გვეყოლება, ხოლო მესამე მეტოქე შვეიცარია იქნება, ისლანდია თუ პორტუგალია, 21 აგვისტოს გავიგებთ, როცა ევრობასკეტ 2021-ის წინასაკვალიფიკაციო ტურნირი დასრულდება.

ევრობასკეტ 2021-ის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩები გაიმართება „ფიბას“ (FIBA) მიერ დადგენილ 3 „ფანჯრის“ პერიოდში: 2020 წლის 17-25 თებერვალს, 23 ნოემბერი – 1 დეკემბერი და 2021 წლის 15-23 თებერვალს. თითო „ფანჯრის“ პერიოდში თითო გუნდი 2-2 მატჩს ჩაატარებს. თამაშები გაიმართება „გასვლა – სახლის“ პრინციპით.

აღსანიშნავია, რომ როგორც ევრობასკეტ 2021-ის ერთ-ერთი მასპინძელი, საქართველო (ჩეხეთიც, გერმანიაც და იტალიაც) საკვალიფიკაციო ტურნირში საკონკურსო პირობების გარეშე იასპარეზებს. ანუ E ჯგუფიდან ევროპის ჩემპიონატზე გავა საქართველო (რომელი ადგილიც არ უნდა დაიკავოს) და ჯგუფის დანარჩენი 2 საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი. ანალოგიურად, ჯგუფებიდან გასულები არიან, მაგრამ საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩებს მაინც გამართავენ ევრობასკეტ 2021-ის დანარჩენი მასპინძელი ქვეყნების ნაკრებები – გერმანია, ჩეხეთი და იტალია.

ევრობასკეტის მასპინძელთა საკვალიფიკაციო ტურნირში მონაწილეობის გადაწყვეტილება „ფიბამ“ იმისთვის მიიღო, რომ საქართველოს, იტალიას, გერმანიასა და ჩეხეთს მომავალი 2 წლის განმავლობაში სათამაშო პრაქტიკა არ მოაკლდეთ და აქტიურად იყვნენ ჩაბმულნი კონტინენტზე გამართულ მატჩებსა და მის თანმხლებ სხვადასხვა აქტივობაში.

გათამაშების ფორმატის თანახმად, ევრობასკეტის 24 საგზურს თითოეული (8) ჯგუფის 3 საუკეთესო გუნდი მოიპოვებს. აღსანიშნავია, რომ ევრობასკეტ 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრის ერთ-ერთი მონაწილე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ვლადიმერ ბოისა გახლდათ, რომელმაც საქართველოს ჯგუფი შეაფასა.

დატოვე კომენტარი