ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკული შენიშვნები გამოითქვა
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკული შენიშვნები გამოითქვა

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ სხდომაზე საქართველოში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს.

„ევროპის სახალხო პარტიის“ წევრმა სანდრა კალნიეტემ საქართველოს მთავრობა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პირობების შეუსრულებლობის გამო გააკრიტიკა. მისივე თქმით, ქუჩაში ხალხი არა ოპოზიციამ არამედ, მთავრობის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა გამოიყვანა.

„თქვენ ახსენეთ, გამოკითხვის შედეგები, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეები მხარს უჭერენ ევროინტეგრაციის კურსს, მაგრამ გამოგრჩათ, რომ ამავე გამოკითხვაზე საქართველოს მოქალაქეების ამბობენ, რომ ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლაა. ეს ძალიან შემაშფოთებელია. ამავე დროს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ ბევრი ოპოზიციური ლიდერი მომავალში საპატიმროში მოხვდება, მიუღებელია. ასევე სიმბოლურია, რომ გიგა ბოკერიას წინააღმდეგ საქმე განახლდა ხუთი წლის შემდეგ“, – განაცხადა კალნიეტემ.

ესტონელი ევროპარლამენტარის, სვენ მიქსერის თქმით კი, სწორედ საქართველოს მთავრობა გამოვიდა კონსტიტუციაში ცვლილებების ინიციატივით, რომლის მიხედვითაც პროპორციული სისტემით არჩევნები ჯერ 2024 წელს უნდა ჩატარებულიყო. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში პოლიტიკურ ძალებს შორის დიალოგი წარმატებით დასრულდება.

„ჩემი აზრით, სასურველია, რომ ევროკავშირის დელეგაციამ თბილისში, მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დიალოგს შეუწყოს ხელი, რათა ჩიხიდან გამოსავალი მოიძებნოს. არსებობს ბევრი საკანონმდებლო ასპექტი. საქართველოში არსებული პოლიტიკური პოლარიზაცია გულდასაწყვეტია, მაგრამ ეს არ არის უნიკალური მოვლენა. ამას ძალიან ბევრ ადგილას ვხედავთ“, – განაცხადა სვენ მიქსერმა.

ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ თავის გამოსვლაში საქართველოში 2019 წლის ივნისში გამართულ საპროტესტო აქციებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დემონსტრაციები მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტში რუსი დეპუტატი მივიდა, რაც საქართველოს ხელისუფლების თანხმობით მოხდა.

ევროპარლამენტმა მიხაელ გალერმა კი საქართველოს ევროინტეგრაციის კურსს მხარდაჭერა გამოუცხადა, თუმცა ამავე დროს, მოუწოდა საქართველოს მთავრობას, შეასრულოს მოქალაქეებისადმი მიცემული დაპირება.

„ჩემი აზრით, თქვენივე დაპირების შეუსრულებლობისა და საარჩევნო სისტემის შეცვლის ჩავარდნის, მმართველი პარტიის შიგნით მაღალი სტანდარტის დემოკრატიის არსებობად გასაღება, დაუშვებელია. შეგახსენებთ, რომ ამ პროცესში „ქართული ოცნება“ რამდენიმე დეპუტატმა დატოვა. ნუთუ, ასე არ იყო, რომ ივანიშვილი საჯაროდ ეუბნებოდა დეპუტატებს – „ძალიან გთხოვთ, შეცვალეთ საარჩევნო სისტემა“ და კულუარებში კი ამ სისტემაზე გადასვლის ჩაშლას ორგანიზებას უწევდა. ამას ის ძალაუფლებაში დარჩენის მიზნით აკეთებდა. თუ თქვენ ევროპელი ხართ, მაშინ გთხოვთ, აღიარეთ ეს!“ – განაცხადა გალერმა.

რაფაელ გლუკსმანმა გამოსვლის დროს ყურადღება ოპოზიციის სამართლებრივი დევნაზე გაამახვილა.

„თქვენ გაქვთ კრიზისი და შემდეგ ბატონი მელიას, ბოკერიას და სხვა ოპოზიციური პარტიების წევრებს საგამოძიებო უწყებაში იბარებენ და გამოძიება ხელახლა იწყება. ასევე „რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორის წინააღმდეგ საქმე მას შემდეგ განახლდა, რაც მან ახალი ოპოზიციური არხი გახსნა. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს კითხვები, როდესაც პოლიტიკური პრობლემების დროს იწყება ოპოზიციის მიმართ სამართლებრივი დევნა“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

„ევროპის სახალხო პარტიის“ წევრ რასა იუკნევეჩინეს თქმით, საქართველოსთვის ეს მნიშვნელოვანი წელია და ქვეყანას დემოკრატიის კიდევ ერთი ტესტის ჩაბარება მოუწევს. მისივე თქმით, ამ ფონზე ხელისუფლების წევრების მხრიდან „ცუდ ოპოზიციაზე“ საუბარი მიუღებელია.

„ძალიან სამწუხაროა, როდესაც ხელისუფლების წევრისგან ისმის საუბარი „ცუდ ოპოზიციაზე“. ასეთი რამ დემოკრატიებში არ ხდება. როდესაც ვხედავთ თავდასხმებს ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და დემონსტრანტების წინააღმდეგ, ეს საქართველოს ევროპარლამენტში ახალი მეგობრების მოძიებაში არ ეხმარება. ამ გზით თქვენი ევროინტეგრაციის მეტ მხარდაჭერას ვერ მოიპოვებთ. გადაეცით ეს „ქართული ოცნების“ ლიდერ ივანიშვილს“, – განაცხადა იუკნევეჩინემ.

​ასევე, ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა მიმართა საქართველოს დელეგაციის წევრებს.

​„მინდა, გთხოვოთ, ჩემი მარტივი გზავნილი გადასცეთ თქვენი პარტიის ლიდერებს. ისინი დამპირდნენ, რომ დიალოგი შედეგს მოიტანდა. არჩევნებში პროპორციული ელემენტები შევიდოდა. მე კვლავ ველოდები, როდის დაიდება ეს შედეგი. რადგან ამ შედეგის გარეშე, საერთაშორისო ნდობა თქვენი არჩევნების მიმართ ძალიან ლიმიტირებული იქნება.

ასევე, შეგიძლიათ, მითხრათ, არიან თუ არა საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერები, რომლებიც გენერალურ პროკურატურაში არ არიან დაბარებული“, – განაცხადა კუბილიუსმა.

დატოვე კომენტარი