ევროპარლამენტი ალექსეი ნავალნის დაკავებასთან დაკავშირებულ რეზოლუციაში ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებისა და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის შეჩერებისკენ მოუწოდებს
ევროპარლამენტი ალექსეი ნავალნის დაკავებასთან დაკავშირებულ რეზოლუციაში ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებისა და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის შეჩერებისკენ მოუწოდებს

ევროპარლამენტმა ალექსეი ნავალნის დაკავებასთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო, რომელშიც ნავალნი პუტინის ერთ-ერთ მთავარ მოწინააღმდეგედ არის მოხსენიებული. ევროპარლამენტმა ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებისკენ და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის შეჩერებისკენ მოუწოდა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

ევროპარლამენტმა მკაცრად დაგმო ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის დაკავება და მისი დაუყოვნებლივი და რუსეთს უპირობო გათავისუფლებისკენ მოუწოდა. ბრიუსელში, 21 იანვრის პლენარულ სხდომაზე რეზოლუციას 581-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი, 50 მათგანი წინააღმდეგი იყო, 44-მა კი თავი შეიკავა.

ალექსეი ნავალნისა და მისი მომხრეების დაკავებას ევროპარლამენტში რუსეთის ფედერაციის მიერ ჩადენილი „პოლიტიკურად მოტივირებული რეპრესიები“ უწოდეს, რომელიც ძირითადად სასამართლო სისტემის გამოყენებით ხდება. როგორც „დოიჩე ველე“ წერს, ევროპარლამენტარები მიიჩნევენ, რომ ნავალნის დაკავება და აგვისტოში განხორციელებული მოვლენები მიზნად ისახავს, ოპოზიციონერს ხელი შეუშალოს რუსეთის ფედერაციის კორუმპირებული რეჟიმის გამოაშკარავებაში.

რეზოლუციაში თავად ნავალნი მოხსენიებულია როგორც „წამყვანი რუსი პოლიტიკოსი, იურისტი და ანტიკორუფციული აქტივისტი“, ასევე „რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური პოლიტიკოსი“. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ რუსეთის ხელისუფლებას სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ნავალნის „როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ“ მდგომარეობაზე.

ალექსეი ნავალნის დაკავების საპასუხოდ, ევროპარლამენტმა ევროპის საბჭოს მოუწოდა, რომ „მნიშვნელოვნად გააძლიეროს ევროკავშირის შემზღუდველი ზომები რუსეთის წინააღმდეგ“. რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ სანქციები უნდა დაწესდეს „ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ, რომლებიც ალექსეი ნავალნის დაპატიმრებასა და თავისუფლების აღკვეთაში მონაწილეობდნენ“.

„ევროპარლამენტი ევროკავშირს და სხვა წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, კრიტიკულად განიხილონ რუსეთთან სხვადასხვა საგარეო პოლიტიკურ პლატფორმებზე თანამშრომლობა ისეთ პროექტებთან დაკავშირებით, როგორც არის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“, რომლის დასრულებაც ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს“, – ნათქვამია რეზოლუციაში.

დატოვე კომენტარი