ევროპარლამენტარი კლერ მუდი - სალომე ზურაბიშვილთან ერთად საქართველო ისევ წინ მიიწევს
ევროპარლამენტარი კლერ მუდი - სალომე ზურაბიშვილთან ერთად საქართველო ისევ წინ მიიწევს

„სალომე ზურაბიშვილთან ერთად, საქართველო კვლავ წინ მიიწევს“, – ასეთი სათაური აქვს ევროპარლამენტარ კლერ მუდის სტატიას, რომელსაც „ევროაქტივი“ (Euroativ) აქვეყნებს. პუბლიკაციაში ევროდეპუტატი და საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრი, საქართველოს პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტს აფასებს.

„1918 წელს საქართველოში ყველა ქალს მისცეს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება. ეს თითქმის ყველა ევროპულ სახელმწიფოზე ადრე მოხდა. ერთი საუკუნის შემდეგ, საქართველომ აირჩია ქალი პრეზიდენტი, რითაც პოლიტიკაში ქალთა წარმომადგენლობის კუთხით კვლავ მოწინავე რიგებშია“, – წერს სტატიაში კლერ მუდი.

ევროპარლამენტარის თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად მუშაობის პერიოდში, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოდან რუსული ბაზების გაყვანაზე შეთანხმების მიღწევა შეძლო და არ იშურებდა ძალისხმევას საქართველოს ევროკავშირთან და ნატო-სთან დასაახლოებლად.

„როგორც ევროკავშირმა არაერთხელ აღნიშნა, დემოკრატიის განმტკიცებაში, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვაში, საქართველომ ბრწყინვალე პროგრესს მიაღწია. ბევრს იმედი აქვს, რომ საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება მხოლოდ დროის საკითხია. ეჭვი არ მეპარება, რომ სალომე ზურაბიშვილის დღის წესრიგში ეს საკითხი პრიორიტეტულია და ის გააგრძელებს მუშაობას საქართველოს საკეთილდღეოდ, გააკეთებს ყველაფერს ამ მიზნების მისაღწევად“, – წერს ევროდეპუტატი.