ევროპალიგის პლეიოფში „იბერია“ „იაგელონიასთან“ დამარცხდა #1TVSPORT
თბილისის „იბერია“ ევროპალიგის პლეიოფის პირველ მატჩში „იაგელონიას“ სტუმრად დაუპირისპირდა და, კარგი დასაწყისისა და შექმნილი მომენტების მიუხედავად, საბოლოოდ მაინც დამარცხდა – 0:4.
ბიელისტოკში გამართული შეხვედრა ანდრეი დემჩენკოს გუნდმა აქტიურად დაიწყო, მაგრამ მოპოვებული შანსებით ვერ ისარგებლა, 34-ე წუთზე კი მასპინძლებმა საკამათო პენალტი მოიპოვეს, რომელიც ვიდეორეფერიზე არ გადაამოწმეს. პენალტი ხესუს იმაზმა შეასრულა, გიორგი მაკარიძემ მოიგერია, მაგრამ ესპანელმა არბიტრმა დარტყმა გაამეორებინა, მეორე ცდაზე იმაზი ზუსტი იყო, ხოლო 45+2-ე წუთზე აგბონიფომ მეორედ აიღო „იბერიის“ კარი.
51-ე წუთზე ნიკა სიხარულაშვილის შესანიშნავი გადაცემით ზვიად ნაჭყებიამ სხვაობა შეამცირა, მაგრამ ამჯერად საქმეში ვიდეორეფერი ჩაერია და ესპანელმა არბიტრმა გოლი არ ჩათვალა. 62-ე წუთზე ალჰასანმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და „იაგელონია“ სამი ბურთით დაწინაურდა.
არბიტრის მიერ დამატებულ დროში მასპინძლება კიდევ ერთი გოლი გაიტანეს და ლოზანომ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 4:0 „იაგელონიის“ სასარგებლოდ.
თბილისის „იბერია“ „იაგიელონიასთან“ ევროპალიგის პლეიოფის საპასუხო შეხვედრას თბილისში, „მიხეილ მესხი არენაზე“ 27 აგვისტოს გამართავს.