ევროპალიგა | „იბერიის“ თხოვნა თამაშის გადადებაზე უეფა-მ დასაშვებად მიიჩნია – „ლარნემ“ წინადადება არ დააკმაყოფილა #1TVSPORT
საქართველოს პირველი არხისთვის ცნობილი გახდა, რომ უეფა-მ დასაშვებად ჩათვალა „იბერიის“ თხოვნა „ლარნესთან“ ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის გადადების თაობაზე, თუმცა წინადადება ჩრდილოირლანდიელებმა საბოლოოდ მაინც დაბლოკეს.
„იბერიას“ სავიზო პრობლემები შეექმნა. ამასთანავე, გუნდმა ჩრდილოეთ ირლანდიაში გაფრენა ფრანგული ავიალაინერით ვერ მოახერხა, რადგან მასპინძელმა მხარემ მის მიღებაზე უარი განაცხადა. ამის გამო „იბერია“ სათამაშოდ ფორსმაჟორულ რეჟიმში, ორ დელეგაციად გაემგზავრა – მოთამაშეები გუშინ ღამით გაფრინდნენ, დანარჩენი წევრები კი ბელფასტში ახლა დაეშვნენ.
„იბერიაში“ უარყვეს ინფორმაცია, თითქოს მათ მიერ დაქირავებულმა ჩარტერულმა რეისმა ფრენა ვერ განახორციელა. რეალური მიზეზი ვიზების დაგვიანება გახდა. საკითხი დაჩქარებული წესით რომ განხილულიყო, თბილისურმა კლუბმა სავიზო მოსაკრებელში 150 ათასი ლარი გადარიცხა. იგივე განმეორდა ჩარტერული რეისის შემთხვევაშიც.
აღნიშნული ფაქტები და არგუმენტები „იბერიამ“ უეფა-ს საშეჯიბრო კომიტეტს გაუგზავნა და თამაშის გადადება სთხოვა. ევროპული ფეხბურთის სახლში ქართული მხარის თხოვნა გაითვალისწინეს და თამაშის გადადებაზე თანხმობა განაცხადეს იმ შემთხვევაში, თუ წინადადებას „ლარნეც“ მიიღებდა. „იბერიამ“ მასპინძლებს ისიც აცნობა, რომ მატჩის გადადების გამო წარმოქმნილ ყველა ხარჯს საკუთარ თავზე აიღებდა, მაგრამ უარი მიიღო.
ევროპალიგაზე „ლარნესა“ და „იბერიის“ მატჩი დაგეგმილ დროს, 4 აგვისტოს, 23:00 საათზე დაიწყება.