ევროპა ლიგის ფინალს სევილია უმასპინძლებს
ევროპა ლიგის ფინალს სევილია უმასპინძლებს

სევილიას სტადიონი „სანჩეს პისხუანი“ 2021 წლის უეფა-ს ევროპის ლიგის ფინალურ შეხვედრას უმასპინძლებს – ამის შესახებ სლოვენიის დედაქალაქ ლუბლიანაში უეფა-ს პრეზიდენტმა ალექსანდრე ცეფერინიმ უეფა-ს აღმასკომის სხდომის დასრულების შემდეგ, შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კაცებისა და ქალების ჩემპიონთა ლიგების, ევროპის ლიგისა და უეფა-ს სუპერთასის მასპინძელი ქალაქების ვინაობას სლოვენიის დედაქალაქში მდებარე სასტუმრო „ინტერკონტინენტალში“ შეკრებილი აღმასკომის წევრები განიხილავდნენ.

ქართველი გულშემატკივარი აღნიშნულ გადაწყვეტილებას განსაკუთრებული ინტერესით ელოდებოდა, რადგანაც სევილიასთან ერთად, 2021 წლის ევროპა ლიგის ფინალის მასპინძლობის პრეტენდენტი თბილისიც იყო.

თბილისმა ევროპის ლიგის ფინალის მასპინძლობის კანდიდატურაზე წინადადება 2018 წლის შემოდგომაზე შეიტანა. შეთავაზებები 11-მა წევრმა ქვეყანამ წარადგინა. საბოლოო წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადა 2019 წლის 15 თებერვალი იყო. ევროპის ლიგის 2021 წლის ფინალის მასპინძლობაზე თავდაპირველი სიიდან ჯერ სამი კანდიდატურა შემორჩა – ვენის „ერნსტ ჰეპელის“ სტადიონი, თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენა“ და სევილიას სტადიონი „სანჩეს პისხუანი“, ბოლოს კი კონკურენტები თბილისი და სევილია იყვნენ.

„დინამო არენამ“ მნიშვნელოვანი ევროპული ტურნირის ფინალს 2015 წელს უმასპინძლა, როდესაც ევროპის სუპერთასზე „ბარსელონამ“ ანგარიშით 5:4 „სევილია“ დაამარცხა.