ევროპა დანიის ნაკრებმა მოხიბლა - ამ მატჩის შემდეგ ის ზეიმობდა, ვინც ერთი კვირის წინ ტიროდა #1TVSPORT
ევროპა დანიის ნაკრებმა მოხიბლა - ამ მატჩის შემდეგ ის ზეიმობდა, ვინც ერთი კვირის წინ ტიროდა #1TVSPORT

დანიის ნაკრების წარმატება და ევრო 2020-ზე რუსეთთან ბრწყინვალე გამარჯვებით ჯგუფიდან გასვლა ევროპული მედიის მთავარი თემაა. პრესაში მატჩის შემდგომ მასალებში რუსეთს თითქმის არ ახსენებენ.

BT.dk: „ასეთი ტურნირების ფინალურ ნაწილში გამოჩნდება გუნდი, რომლის მიმართაც ინტერესი ეროვნულ საზღვრებს სცილდება. 2018 წელს ასეთი იყო პერუ, 2016 წელს ისლანდია და 2014 წელს – კოსტა რიკა. ახლაც ვეძებდით გუნდს, რომელითაც წელს ყველა აღფრთოვანებული დარჩებოდა და უცებ მივხვდით – ახლა ეს გუნდი დანიაა! დანია პატარა გიგანტია. გუნდი, რომელსაც ყველა უყურებს, როდესაც მათი ქვეყანა არ თამაშობს. ევროპის ჩემპიონატი დანიისთვის ახლა იწყება და ძალებს მთელი სისწრაფით იკრებს!“.

DR.dk: „გასულ შაბათ-კვირას ფინეთთან მატჩის შოკმა საბოლოოდ ჩაიარა. თუ დანიის ფეხბურთელებს მატჩის დაწყებამდე ეჭვი ეპარებოდათ, როგორ და რა უნდა ექნათ, მაშინ ეროვნული ჰიმნების შესრულებისას სტადიონზე აუდიტორიამ მათ ისეთი ძლიერი მუხტი გადასცა, რომ შეცდომების დაშვება შეუძლებელი იყო“.

ბრწყინვალე დანიას მსოფლიო მედიაც აქებს. არა მხოლოდ კრისტიან ერიქსენის უბედურების გამო – პირველ რიგში, დანიელების ნაჩვენები თამაშისთვის.

The Guardian: „მატჩის დაწყებამდე დანიელმა გულშემატკივრებმა ნათლად გამოხატეს, რომ ერიქსენის ტრაგედიის შემდეგ ასეთი გონიერებისა და სოლიდარობის გამოხატვით, გუნდმა ქვეყანა აიძულა, მათით ეამაყა. უზარმაზარ წითელ მაისურზე, რომელიც გულშემატკივრებმა კოპენჰაგენის ეროვნული სტადიონის მახლობლად მდებარე პარკში გამოფინეს, ერთი სიტყვა ეწერა – Helte, რაც ნიშნავს „გმირებს“. საოცარია, მოთამაშეები დაუნდობლები იყვნენ და შანსი გამოიყენეს“.

Marca: „დანიამ უცერემონიოდ დაამარცხა რუსეთი, რომელმაც თავისი ყველაზე ცუდი სახე გამოავლინა. საბოლოოდ, საზოგადოების მხარდაჭერამ იმუშავა – გულშემატკივრები ტკბებოდნენ ატმოსფეროთი და გუნდს წინ გაუძღვნენ. რუსეთმა გაიღვიძა მხოლოდ მაშინ, როდესაც საეჭვო პენალტი მოიპოვა, მაგრამ ეს იყო მირაჟი. ამ მატჩის შემდეგ ის ზეიმობდა, ვინც ერთი კვირის წინ ტიროდა“.

AS: „ფეხბურთში ერთ-ერთი დაუწერელი კანონია, რომ ვინც ფრეზე თამაშობს, ის ტრადიციულად აგებს. ასე მოუვიდა რუსეთსაც. მათ ერთი ქულა ჯგუფიდან გასვლის საშუალებას მისცემდა ფინეთისა და ბელგიის მატჩის შედეგის მიუხედავად, მაგრამ დანიელებთან პირველი გოლის შემდეგ აშკარად დაიკარგნენ“.

დატოვე კომენტარი