„ევრონიუსი“ - ოქსფორდის უნივერსიტეტისა და „ასტრაზენეკას“ მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ეფექტურობის კოეფიციენტი შეცდომით განსაზღვრეს
„ევრონიუსი“ - ოქსფორდის უნივერსიტეტისა და „ასტრაზენეკას“ მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ეფექტურობის კოეფიციენტი შეცდომით განსაზღვრეს

ოქსფორდის უნივერსიტეტისა და „ასტრაზენეკას“ მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ეფექტურობის კოეფიციენტი შეცდომით განსაზღვრეს. ინფორმაციას ტელეკომპანია „ევრონიუსი“ ავრცელებს.

როგორც „ასტრაზენეკაში“ აცხადებენ, შეცდომა ვაქცინის გამოცდაში მონაწილეთა მიერ არასწორი დოზის მიღებას უკავშირდება.

როგორც კომპანიის კვლევების დეპარტამენტის უფროსი ამბობს, ზოგიერთმა მონაწილემ ჯერ საჭირო დოზის ნახევარი და შემდეგ მთლიანი დოზა მიიღო, რაც შეცდომას წარმოადგენს.

მათივე თქმით, ამ შეცდომის შესახებ მარეგულირებელმა ორგანოებმა იცოდნენ და გადაწყვიტეს, რომ ვაქცინის გამოცდის ბოლო ეტაპზე მონაწილეები ორ ჯგუფში გაენაწილებინათ და ტესტი ამგვარად დაესრულებინათ.

ექსპერტების შეფასებით, ჯგუფი, რომელშიც გაერთიანდნენ ის ადამიანები, რომლებმაც ვაქცინის არასაკმარისი კონცენტრაცია მიიღეს, მრავალრიცხოვნი არ იყო და შესაბამისად, ვაქცინის ეფექტიანობის დადასტურებისთვის მათი რაოდენობა საკმარისი არ აღმოჩნდა.

სპეციალისტების გაკვირვებას იწვევს ის ფაქტიც, რომ „ასტრაზენეკამ“ ვაქცინის 70-პროცენტიანი ეფექტიანობის შესახებ ცდების ბოლო ეტაპზე ჩართული ორივე ჯგუფის გაერთიანებულ მონაცემებზე დაყრდნობით განაცხადა.

ექსპერტების ნაწილმა მომხდარის გამო „ასტრაზენეკა“ გააკრიტიკა და მეტი გამჭვირვალობის უზრუნველყოფისკენ მოუწოდა.