ევროლიგაში მესამე ტური დასრულდა [ვიდეო]

გუშინ, საკალათბურთო „ევროლიგის“ გათამაშებაში ოთხი შეხვედრა ჩატარდა და მესამე ტური დასრულდა. სამწუხაროდ, დიდი სხვაობით წააგო თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“. ვიტორიელები მადრიდში, მოქმედ ჩემპიონს, „რეალს“ დაუპირისპირდნენ და ანგარიშით 79-97 დამარცხდნენ. მადრიდელები, მთელი შეხვედრის განმავლობაში უკეთ გამოიყურებოდნენ. მასპინძლებმა, ყველაზე დიდ უპირატესობას, ბოლო მეოთხედში მიაღწიეს და მეტოქეს თამაშის დაძაბვის შანსი არ მისცეს. რაც შეეხება შენგელიას, ბასკონიელთა კაპიტანმა მოედანზე 23 წუთი გაატარა და ამ ხნის განმავლობაში 9 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა წევრმა, მეტ ჯენინგმა, აქტივში 10 ქულა და 4 მოხსნა ჩაიწერა.

გამარჯვებულ გუნდს, სერხიო ლიულმა ულიდერა, რომელიც ბოლო პერიოდში შესანიშნავ ფორმაშია. ესპანელმა უკანახაზელმა 23 ქულა მოიპოვა. „რეალი“ სამიდან სამი მოგებით, გათამაშებას, ცსკასთან და „ფენერბახჩესთან“ ერთად, უდანაკარგოდ ლიდერობს. ბასკონია, ჯერჯერობით, 12-ე ადგილზე იმყოფება. მეოთხე ტურში პედრო მარტინესის გუნდი „მიუნხენის ბაიერნს“ ესტუმრება.

ხიმკი-ეფესი 84-85

ჟალგირისი-ფენერბახჩე 75-82

ოლიმპიაკოსი-მილანი 75-99