ევროლიგაში 14-ე ტური დასრულდა [ვიდეო]
ევროლიგაში 14-ე ტური დასრულდა [ვიდეო]

ევროპის ყველაზე პრესტიჟულ, საკლუბო საკალათბურთო ტურნირზე, რეგულარულ სეზონის თითქმის ნახევარი მიილია. გუშინ, 14-ე ტური ოთხი შეხვედრით დასრულდა.

ბოლო პერიოდში, საკმაოდ არადამაჯერებლია ათენის „პანათინაიკოსი“. ბერძნულმა გრანდმა, უკანასკნელი ხუთი დაპირისპირებიდან, ოთხში მარცხი განიცადა. „პაომ“ საკუთარ „ოაკას“ დარბაზში, ასევე ცუდ ფორმაში მყოფი, მილანთან 83:86 წააგო. აღსანიშნავია, რომ თითქმის მთელი მატჩის მანძილზე, სტუმრები საკმაოდ კომფორტულად ლიდერობდნენ. ათენელებმა, ბოლო სამ წუთში მაქსიმალურად იბრძოლეს და ერთ ეპიზოდში თამაშის გადარჩენის შანსიც მიეცათ, თუმცა მილანმა მაინც შესძლო საჭირო სხვაობის შენარჩუნება და გამრჯვების მოპოვება. სიმონე პიანიჯანის გუნდს, არტურას გუდაიტისმა ულიდერა. ლიეტუვას ნაკრების ცენტრმა, 20 ქულა და 8 მოხსნა გაიფორმა. „პანათინაიკოსის“ შემადგენლობაში, 24 ქულით და 11 შედეგიანი გადაცემით უდაოდ საუკეთესო, ნიკ კალატესი გახლდათ. „პაო“ საპლეიოფო ზონას ჩამოშორდა. „მილანი“, ჯერჯერობით მეშვიდეა.

დამაჯერებელია მადრიდის „რეალი“. მოქმედმა ჩემპიონმა, მიუნხენის „ბაიერნი“ გასვლაზე, ათი ქულის სხვაობით, ანგარიშით 82:72 დაამარცხა. მადრიდელებმა, თავიდანვე დაიჭირეს კომფორტული ჰანდიკაპი და მეტოქეს თამაშის ბოლომდე, მიახლოების საშუალება აღარ მისცეს. ენტონი რენდოლფმა, 22 ქულა შესძინა გამარჯვებულებს. 19 ქულა მოაგროვა სერხიო ლიულმა, რასაც ესპანელმა უკანახაზელმა, 6 ზუსტი პასიც მიაყოლა.

„რეალი“ 12 მოგებით და 2 მარცხით კვლავ მეორე პოზიციაზე და მხოლოდ სტამბოლის „ფენერბახჩეს“ ჩამორჩება 15-ე და შესაბამისად პირველი წრის ბოლო ტურის შეხვედრები, 27 და 28 დეკემბერს ჩატარდება.

ხიმკი-დარუშაფაკა 85:84
ჟალგირისი-მაკაბი 80:73