ევროკომისიამ უკრაინისთვის მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გამოყოფას მხარი დაუჭირა
ევროკომისიამ უკრაინისთვის მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გამოყოფას მხარი დაუჭირა

ევროკომისიამ უკრაინისთვის მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გამოყოფას მხარი დაუჭირა. 600 მილიონი ევროს ოდენობის ტრანშის გამოყოფის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ და პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერეს.

„მივესალმები ევროკომისიის გადაწყვეტილებას, გამოუყოს უკრაინას 600 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანში. მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს და ვალდის დომბროვსკის უკრაინაში განხორციელებული რეფორმების დადებითი შეფასებისთვის. ეს არის გამოწვევების გადალახვასა და კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინისა და ევროკავშირის სოლიდარობის მტკიცებულება“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი.

უკრაინული მედიის ცნობით, „კოვიდ-19“-თან დაკავშირებით მაკროფინანსური დახმარების პროგრამის ფარგლებში 600 მილიონი ევროს ოდენობის პირველი ტრანში ევროკავშირისგან უკრაინამ 2020 წლის დეკემბერში მიიღო. უკრაინისთვის მეორე ტრანშის გამოყოფა ევროკავშირმა კონკრეტული ზომების შესრულებას დაუკავშირა.