ევროკომისიამ ალბანეთისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
ევროკომისიამ ალბანეთისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

ევროკომისიამ უარი თქვა ნიდერლანდების მთავრობის მოთხოვნაზე, ალბანეთისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ ვებპორტალი „შენგენვიზაინფო“ ავრცელებს.

ევროკომისიის განცხადების თანახმად, კომისიამ ყურადღებით შეისწავლა ნიდერლანდების მოთხოვნა და დაასკვნა, რომ ალბანეთისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებისთვის საკმარისი საფუძველი არ არსებობს.

ევროკომისიამ ალბანეთთან უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკითხის შესწავლა ივნისის დასაწყისში დაიწყო. შესაბამისი მოთხოვნით ევროკომისიას ევროკავშირში ნიდერლანდების მუდმივმა წარმომადგენელმა, რობერტ დე გროოტმა 31 მაისს ნიდერლანდების პარლამენტის გადაწყვეტილების საფუძველზე წერილობით მიმართა.

ევროკომიისთვის გაგზავნილ წერილში ნიდერლანდების ელჩი ალბანეთისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საფუძვლად რამდენიმე მიზეზს ასახელებდა, მათ შორის, ალბანეთის მოქალაქეების ორგანიზებულ დანაშაულში ჩართულობასა და ალბანეთიდან არალეგალი მიგრანტების რიცხვის ზრდას.