ევროკომისია ევროკავშირს ალბანეთსა და მაკედონიასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყების რეკომენდაციას მისცემს
ევროკომისია ევროკავშირს ალბანეთსა და მაკედონიასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყების რეკომენდაციას მისცემს

ევროკომისია ევროკავშირს ალბანეთსა და მაკედონიასთან გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკების დაწყების რეკომენდაციას მისცემს. ამის შესახებ საუბარია საკანონმდებლო ინიციატივის პროექტში, რომელსაც „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

დოკუმენტი ევროკავშირის გაფართოების ყოველწლიური ანგარიშის ნაწილია, რომელიც სტრასბურგში 17 აპრილს გამოქვეყნდება. მასში ასახული იქნება, თუ რამდენად წაიწიეს წინ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებმა და თურქეთმა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

ევროკომისია მაკედონიასთან მოლაპარაკების დაწყების შესახებ რეკომენდაციას 2009 წლიდან აქვეყნებს, თუმცა მას ევროკავშირის საბჭოში საბერძნეთი ბლოკავდა, ქვეყნის დასახელების გამო. თუმცა, ათენსა და სკოპიეს შორის ცოტა ხნის წინ მიღწეული შეთანხმების შედეგად, მაკედონიაში იმედოვნებენ, რომ საბერძნეთი წელს ამ რეკომენდაციას აღარ დაბლოკავს.
მონტენეგრომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი 2012 წელს გააკეთა. ამ დროისთვის ქვეყანას 33 რეკომენდაციიდან, 30-ზე უკვე დაწყებული აქვს მუშაობა, რომლის ფარგლებშიც მონტენეგრომ ევროკავშირთან შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს კანონმდებლობა.

წინასწარი ინფორმაციით, დოკუმენტში საუბარია, რომ მონტენეგროში დამატებითი სამუშაო საჭიროა საარჩევნო სისტემაში ნდობის გასამტკიცებლად. ასევე პარლამენტში პოლიტიკური დებატების აღდგენის აუცილებლობაზე, რაზეც პასუხისმგებლობა ყველა პარტიას ეკისრება.

რაც შეეხება სერბეთს, რომელსაც ამ დროისთვის 12 რეკომენდაციაზე აქვს მუშაობა დაწყებული, დოკუმენტში საუბარია, რომ ქვეყანას სჭირდება გამოხატვის თავისუფლებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა, სასამართლო სისტემის ეფექტურობისა და დამოუკიდებლობის გაძლიერება, კორუფციასა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის წინააღმდეგ მდგრადი პროგრესი.