ევროკომისია ევროკავშირის ქვეყნებს გაერო-ს გლობალური მიგრაციული შეთანხმების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს
ევროკომისია ევროკავშირის ქვეყნებს გაერო-ს გლობალური მიგრაციული შეთანხმების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

ევროკომისია ევროკავშირის ქვეყნებს გაერო-ს გლობალური მიგრაციული შეთანხმების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ გერმანულ გამოცემა Die Welt-თან ინტერვიუში მიგრაციის საკითხებში ევროკომისარმა დიმიტრის ავრამოპულოსმა განაცხადა.

„აღნიშნული პაქტი არ ითვალისწინებს იმ მიგრანტების რაოდენობის ზრდას, რომლებიც ევროპაში ჩამოდიან. პირიქით, გაერო-ს მიგრაციული პაქტის მიზანს უსაფრთხო და მართვადი მიგრაცია და ადამიანების არალეგალურად გადაყვანის შეწყვეტა წარმოადგენს“,- განაცხადა ავრამოპულოსმა.

ევროკომისრის თქმით, არცერთ ქვეყანას არ შეუძლია მიგრაციასთან დაკავშირებული პრობლემების დამოუკიდებლად მოგვარება, ამისთვის ერთობლივი ძალისხმევაა საჭირო, რის საშუალებასაც გაერო-ს შეთანხმება იძლევა.

„ვინც უარყოფს ამ პაქტს, არასათანადოდ აქვს ის შესწავლილი“, – აღნიშნა ავრამოპულოსმა.

„მოვუწოდებ ყველა დაინტერესებულ მხარეს, გადახედონ თავიანთ განზრახვებს მიგრაციულ პაქტთან დაკავშირებით და დათანხმდნენ ხელმოწერას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, -აღნიშნა ევროკომისარმა.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ უარი განაცხადა მიგრაციული პაქტის ხელმოწერაზე, მათ შორის ავსტრიამ, ჩეხეთმა, უნგრეთმა და ბულგარეთმა. ევროპული ქვეყნების გარდა, გლობალური შეთანხმების ხელმოწერაზე უარი თქვეს აშშ-მა და ავსტრალიამ.

გაერო-ს გლობალური მიგრაციული შეთანხმების ხელმოწერა მარაქეშში 10-11 დეკემბერს დაგეგმილ კონფერენციაზე იგეგმება. მიგრაციის შესახებ 34-გვერდიანი შეთანხმება საერთაშორისო მიგრაციისადმი ერთობლივ მიდგომას ადგენს და ლტოლვილთა ნაკადის მართვისა და მათი უფლებების განსასაზღვრად 23 პუნქტს მოიცავს.

დატოვე კომენტარი