ევროკავშირმა ყირიმის ანექსიასთან დაკავშირებით დეკლარაცია გამოაქვეყნა
ევროკავშირმა ყირიმის ანექსიასთან დაკავშირებით დეკლარაცია გამოაქვეყნა

ევროკავშირმა ყირიმის უკანონო ანექსიის 5 წლისთავთან დაკავშირებით დეკლარაცია გამოაქვეყნა, რომელშიც რუსეთის ქმედებები მკაცრადაა დაგმობილი. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.

„ყირიმის ანექსია რჩება საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის ღია და პირდაპირ გამოწვევად, რასაც სერიოზული შედეგი მოაქვს საერთაშორისო წესრიგისთვის, რომელიც იცავს სახელმწიფოების ტერიტორიულ მთლიანობას, ერთიანობას და სუვერენიტეტს“, – ნათქვამია დეკლარაციაში, რომელიც ევროკავშირის საგარეო უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

დეკლარაციაში წერია, რომ ევროკავშირი ერთგულია ყირიმის ნახევარკუნძულის არაღიარების პოლიტიკის, მათ შორის რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გზით და გმობს ქერჩის სრუტესთან მოსკოვის თავდასხმას უკრაინულ ხომალდებზე.

„2018 წლის 25 ნოემბერს, რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ უსაფუძვლო ძალის გამოყენება არის იმ ნეგატიური შედეგების შეხსენება, რაც ყირიმის ნახევარკუნძულის უკანონო ანექსიამ რეგიონულ სტაბილურობას მოუტანა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირი მოუწოდებს მოსკოვს, გაათავისუფლოს უკრაინელი მეზღვაურები და გემები. ასევე გმობს ქერჩის სრუტეში ხიდის მშენებლობას, რაც უკრაინის თანხმობის გარეშე განხორციელდა.

ბრიუსელი ასევე ხაზს უსვამს ყირიმის ნახევარკუნძულის მილიტარიზაციის გაძლიერების ფაქტს და აცხადებს, რომ ეს უარყოფითად მოქმედებს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე. ევროკავშირი დეკლარაციაში ასევე მოუწოდებს რუსეთს, გაათავისუფლოს ოლეგ სენცოვი და მასთან ერთად ყველა უკანონოდ დაკავებული პირი.

შეგახსენებთ, ყირიმის ნახევარკუნძულის უკანონო ანექსიის გადაწყვეტილებას რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, 2014 წლის 18 მარტს მოაწერა ხელი.

როგორც ცნობილია, ხვალ ყირიმის უკანონო ანექსიის 5 წლისთავთან დაკავშირებით, ევროპული საბჭო არაფორმალურ სხდომას გამართავს.