ევროკავშირმა უნგრეთის წინააღმდეგ დისციპლინური პროცედურის განხილვა დაიწყო
ევროკავშირმა უნგრეთის წინააღმდეგ დისციპლინური პროცედურის განხილვა დაიწყო

ევროკავშირმა უნგრეთის წინააღმდეგ დისციპლინური პროცედურის განხილვა დაიწყო, რომლიც ინიციატორი ევროპარლამენტი იყო. ევროკავშირის საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ევროდეპუტატების მიერ მომზადებული ანგარიში, რომელშიც საუბარია უნგრეთში მედიის თავისუფლების შეზღუდვაზე, საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებაზე, საზოგადოებრივ ინსტიტუტებზე ზეწოლასა და ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის დახურვაზე.

ევროკავშირი უნგრეთს ევროპული ღირებულებების უპატივცემულობასა და კანონის უზენაესობის დარღვევაში ადანაშაულებს.

ბრიუსელში გამართულ შეხვედრას უნგრეთის მხრიდან იუსტიციის მინისტრი იუდიტ ვარგა ესწრებოდა.

როგორც ევროკავშირის საკითხებში საფრანგეთის სახელმწიფო მდივანმა, ამელი დე მონშალენმა განაცხადა, ევროპარლამენტის მიერ ბუდაპეშტის შესახებ მომზადებული კრიტიკული ანგარიში შეშფოთებას იწვევს. მან ბუდაპეშტს წარდგენილ ბრალდებებზე პასუხის გაცემისკენ მოუწოდა.

თავის მხრივ, უნგრეთის მთავრობამ მის წინააღმდეგ დაწყებულ დისციპლინურ პროცედურას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა.

„ჩვენ გვესმის ყველასთვის ცნობილი, ცრუ ბრალდებები პროიმიგრაციული ლიბერალური ელიტისგან და ამას იმეორებს ლიბერალური დასავლეთევროპული მედია. დღევანდელ მოსმენაზე და ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის გასულ კვირას გაგზავნილ წერილობით მასალებში ჩვენ ამ განცხადებებს უარვყოფდით“, – განაცხადა უნგრეთის იუსტიციის მინისტრმა.

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ფრანს ტიმერმანსის თქმით, წევრმა სახელმწიფოებმა აჩვენეს მზადყოფნა, დასვან მკაფიო შეკითხვები, უნგრეთის ხელისუფლებამ კი გასცეს მათ პასუხები.

„თუმცა ეს საკმაოდ რთული საკითხია. ის ამოწურული არ არის. გადაწყვეტილება ვერ იქნება მიღებული მოსმენების ერთი დღით“, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა.

უნგრეთის წინააღმდეგ დაწყებული საჯარიმო პროცედურა ევროკავშირის საბჭოში მისთვის ხმის უფლების ჩამორთმევას ითვალისწინებს, თუმცა აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანა უნგრეთისთვის სანქციების წინააღმდეგ გამოდის.