ევროკავშირმა სომხეთს მოუწოდა, შიმშილობის შედეგად გარდაცვლილი პოლიტიკოსის საქმე გამოიძიოს
ევროკავშირმა სომხეთს მოუწოდა, შიმშილობის შედეგად გარდაცვლილი პოლიტიკოსის საქმე გამოიძიოს

ევროკავშირი სომხეთის მთავრობას მოუწოდებს, გამოიძიოს 52-დღიანი შიმშილობის შედეგად, პოლიტიკური პარტიის ლიდერის ციხეში გარდაცვალების საქმე. ამის შესახებ ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე ევროკავშირის წარმომადგენელმა, მაია კოსიანჩიჩმა განაცხადა.

51 წლის მჰერ ეგიაზარიანი 26 იანვარს, შიმშილობის გამოცხადებიდან 52 დღის შემდეგ გარდაიცვალა.

„ჩვენ ვიცით ამ საქმის შესახებ და სომხეთის ხელისუფლებისგან ქმედებებს ველოდებით. ველოდებით, რომ სომხეთის მთავრობა საქმის შესაბამის გამოძიებას უზრუნველყოფს“, – განაცხადა მაია კოსიანჩიჩმა.
მჰერ ეგიაზარიანი გასული წლის ზაფხულში შექმნილი პარტიის, „სომხეთის არწივები: ერთიანი სომხეთის“ ვიცე-პრეზიდენტი იყო. ის 4 დეკემბერს ფულის გამოძალვის ბრალდებით დააპატიმრეს.

პოლიტიკოსი ბრალდებებს უარყოფდა და დაკავებიდან მეორე დღეს შიმშილობა გამოაცხადა.