ევროკავშირმა „ნაიკი“ 12.5 მილიონი ევროთი დააჯარიმა
ევროკავშირმა „ნაიკი“ 12.5 მილიონი ევროთი დააჯარიმა

ევროკავშირის ანტი-მონოპოლიურმა ორგანომ სპორტული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ცნობილი ამერიკული კომპანია „ნაიკი“, ევროკავშირის ბლოკის შიგნით უკანონო ქმედების გამო, 12,5 მილიონი ევროთი დააჯარიმა.

ბრიუსელის განმარტებით, „ნაიკი“ 2004-2017 წლებში ხუთი ევროპულ საფეხბურთო კლუბისა და საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის ლიცენზირებული პროდუქციის საცალო გაყიდვებს უკანონოდ ზღუდავდა.

დაზარალებულ საფეხბურთო კლუბებს შორის არიან ისეთი ცნობილი კლუბები, როგორიცაა „ბარსელონა“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „იუვენტუსი, „ინტერ მილანი და „რომა“.

„ნაიკი“ ავტორიზებული პირია, რომელიც გასცემდა ლიცენზიებს აღნიშნული საფეხბურთო კლუბებისა და საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის სახელით ბრენდირებული პროდუქციის დამზადებასა და დისტრიბუციაზე. იგულისხმება კათხები, ჩანთები, საკანცელარიო ნივთები თუ სათამაშოები, რომლებზეც საფეხბურთო კლუბებისა და ფედერაციის სახელები აწერია.

ევროკავშირის ანტი-მონოპოლიური ორგანოს ხელმძღვანელის, მარაგარეტ ვესტაგერის განმარტებით, „ნაიკი“ მის მიერ ლიცენზირებულ კომერციულ ერთეულებს ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში ლიცენზირებული პროდუქციის გატანასა და ვაჭრობას უზღუდავდა. შედეგად, მოხმარებელს შეუმცირდა არჩევანი და გაიზარდა ფასები.

„ნაიკის“ მიერ კანონის დარღვევა ორწლიანი გამოძიების შედეგად დადგინდა, როდესაც გაყიდვების შეზღუდვაზე საჩივარი ონლაინ-კომერციის ოპერატორებმა შეიტანეს, რომელთა წახალისებაც ევროკავშირის პრიორიტეტია.