ევროკავშირმა ალექსანდრ ლუკაშენკოს სანქციები დაუწესა
ევროკავშირმა ალექსანდრ ლუკაშენკოს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს სანქციები დაუწესა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან ერთად სანქცირებულთა სიაში მოხვდა ქვეყნის 15 მაღალჩინოსანიც. მათ შორის არიან საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი, ბელარუსის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, პრესმდივანი, ასევე ალექსანდრ ლუკაშენკოს შვილი.

ბრიუსელში აცხადებენ, რომ ალექსანდრ ლუკაშენკო პასუხისმგებელია აქციის მშვიდობიანი მონაწილეების წინააღმდეგ სახელმწიფო აპარატების მიერ განხორციელებულ რეპრესიებზე.

სანქციები ევროკავშირის ტერიტორიაზე მოგზაურობის აკრძალვასა და საბანკო ანგარიშების გაყინვას გულისხმობს.

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აგვისტოს ჩატარდა. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკომ გაიმარჯვა. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.