ევროკავშირმა ახალი სავიზო კოდექსი შეათანხმა
ევროკავშირმა ახალი სავიზო კოდექსი შეათანხმა

ევროკავშირმა ახალი სავიზო კოდექსი შეათანხმა. როგორც გერმანული გამოცემა „დოიჩე ველე“ წერს, ახალი წესები ევროკავშირში მოკლევადიანი ტურისტული ვიზების მიღების წესს შეეხება.

ევროკავშირში ჩასვლის მსურველებს, ვიზის ასაღებად განაცხადის შევსება არა სამი, არამედ 6 თვით ადრე მოუწევთ. ამავე დროს გაიზრდება სავიზო მოსაკრებელი და 60-ის ნაცვლად 80 ევრო გახდება. ვიზების გაცემა კი, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად თანამშრომლობს ესა თუ ის ქვეყანა ევროკავშირთან მიგრაციულ საკითხებზე. კერძოდ, იმ ქვეყნების მოქალაქეები, რომლებიც არალეგალ მიგრანტებს უკან აბრუნებენ, ევროკავშირის ვიზებს უფრო მარტივად მიიღებენ.

როგორც ევროკავშირში აცხადებენ, ამ ცვლილებების მიზანი ტურისტებისა და ბიზნესმენებისთვის ევროკავშირში მოგზაურობის გამარტივება და არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის გაძლიერებაა.

არაფორმალური შეთანხმება ევროპარლამენტმა უნდა დაამტკიცოს, რის შემდეგაც მას ევროპულ საბჭოში განიხილავენ და მიიღებენ.

სავიზო კოდექსში ცვლილებები ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებიდან 6 თვეში შევა და მხოლოდ იმ ქვეყნების მოქალაქეებს შეეხება, რომლებსაც „შენგენის ზონაში“ შესასვლელად ვიზა სჭირდებათ.

ახალი წესები საქართველოს მოქალაქეებს არ შეეხება.