ევროკავშირის ქვეყნებიდან ლტოლვილების დეპორტაციის ვადები დაჩქარდება
ევროკავშირის ქვეყნებიდან ლტოლვილების დეპორტაციის ვადები დაჩქარდება

ევროკავშირის ქვეყნებიდან ლტოლვილების დეპორტაცია უფრო სწრაფად მოხდება. მინიმალური დრო, რომელსაც მიგრანტები სადეპორტაციო ციხეში გაატარებენ, სამ თვემდე შემცირდა, ხოლო მაქსიმალური ვადა ექვსი თვით განისაზღვრება. ეს ვადა ევროკავშირის ყველა წევრისთვის ერთიანი იქნება. როგორც ევროკავშირში განმარტავენ, აღნიშნული ზომის მიღების მიზანია, იმ მიგრანტების დროული დეპორტაცია მოხდეს, რომლებიც ერთ ქვეყანაში თავშესაფარზე უარის მიღების შემდეგ ევროკავშირში სხვა ქვეყენაში იმალებოდნენ.

დეპორტაციის ერთიანი ვადის შემოღებაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრები დღეს ლუქსემბურგში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

ახალი წესები უკიდურეს შემთხვევაში, მიგრანტების მესამე ქვეყნებში გაძევებას ითვალისწინებს.

გამკაცრებული რეგულაციები დასამტკიცებლად ევროპარლამენტს გადაეგზავნა.

დღეს მოქმედი კანონმდებლობით, იმ მიგრანტების დეპორტაციის მცდელობა, რომელთაც თავშესაფარზე უარი უთხრეს, ხშირად უშედეგოდ სრულდება. ეს იმის გამო ხდება, რომ მიგრანტებს არ აქვთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მათი მოქალაქეობის დადგენა ვერ ხერხდება ან მათი მშობლიური ქვეყანა რეადმისიაზე უარს ამბობს.

სადეპორტაციო ციხეში მიგრანტი იმ შემთხვევაში მოხვდება, თუ გაქცევას ან დეპორტაციისთვის თავის არიდებას შეეცდება. საპატიმროში გადაყვანის მიზეზი მომავალში შეიძლება გახდეს „საფრთხე, რომელსაც მიგრანტი საზოგადოებრივი წესრიგს შეუქმნის“.