ევროკავშირის კითხვარის მეორე, სექტორული ნაწილი დღეს გახდება საჯარო
ევროკავშირის კითხვარის მეორე, სექტორული ნაწილი დღეს გახდება საჯარო

ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის მეორე ნაწილი, რომელიც არის სექტორული, დღეს გახდება საჯარო. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

„კითხვარის მეორე ნაწილი, სექტორული ნაწილი აღნიშნული კითხვარისა, უფრო ტექნიკური და სპეციფიკურია. აღნიშნულ დოკუმენტში არის დაახლოებით 2 300 შეკითხვა. ამ დოკუმენტზე მუშაობა დაწყებული აქვს ყველა სახელმწიფო უწყებას და საქვეუწყებო დაწესებულებებს. აღნიშნული დოკუმენტის ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან გაზიარების დადგენილი ვადები არის 13 მაისი და მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ბოლო ნაწილზე აღნიშნული კითხვარის რაც შეიძლება მალე, პირველ რიგში დავასრულოთ მუშაობა და შემდგომ გავუზიაროთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს.

რაც შეეხება კითხვარის საჯაროობასთან დაკავშირებულ საკითხს, თქვენ როგორც იცით, იყო ძალიან მაღალი საჯარო ინტერესი და წინა კომისიის ფარგლებში იყო გადაწყვეტილება მიღებული კითხვარის პირველი ნაწილის გასაჯაროებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, აღნიშნული კომისიის ფარგლებში, რომელიც დღეს გაიმართა, ასევე გადაწყვეტილება იყო მიღებული, რომ კითხვარის მეორე ნაწილი, რომელიც, როგორც აღვნიშნე, არის სექტორული, დღეს გახდება საჯარო, ისევე, როგორც ჩვენ გავასაჯაროეთ კითხვარის პირველი ნაწილი“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გამართული საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომის შემდეგ.

ამასთან, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო შევსებულ კითხვარს ევროკომისიას 2 მაისს გადასცემს. „საქართველოს მთავრობა ორშაბათს ევროკომისიას გადასცემს შევსებული კითხვარის პირველ ნაწილს, რომელიც გადმოგვეცა დასამუშავებლად“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.