ევროკავშირის ელჩებმა სავიზო კოდექსის ცვლილებას მხარი დაუჭირეს
ევროკავშირის ელჩებმა სავიზო კოდექსის ცვლილებას მხარი დაუჭირეს

ევროკავშირის ელჩებმა სავიზო კოდექსის ცვლილებას მხარი დაუჭირეს. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.

ახალი სავიზო რეგულაციები იმ ქვეყნებს შეეხება, რომლებსაც ევროკავშირთან სავიზო რეჟიმი აქვთ.

„ევროკავშირი ანახლებს სავიზო წესებს, რათა გააუმჯობესოს პირობები კანონმორჩილი მოგზაურებისთვის და გააძლიეროს არალეგალური მიგრაციის შედეგად წარმოქმნილ გამოწვევებზე რეაგირების არსებული ინსტრუმენტები“, – ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.

სავიზო კოდექსის ცვლილებების თანახმად, ვიზის მისაღებად განაცხადის შეტანა აპლიკანტს შეეძლება გამგზავრებამდე ექვსი თვით ადრე, ამჟამად არსებული სამი თვის ნაცვლად.

გარდა ამისა, 60-დან 80 ევრომდე იზრდება სავიზო მოსაკრებელი. აპლიკანტს შეეძლება სავიზო განაცხადი ელექტრონულად შეავსოს. სპორტსმენებისთვის და ცნობილი არტისტებისთვის კი, გათვალისწინებული იქნება სავიზო შეღავათები.

ევროკავშირის ამჟამინდელი სავიზო კოდექსი 2010 წლიდან მოქმედებს. ევროკომისია სავიზო კოდექსის ცვლილების საკანონმდებლო ინიციატივით 2018 წლის მარტში წარდგა.